„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დავაინიცირე ცვლილება, რათა მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურება შესაბამისობაში მოვიდეს იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის დადგენილი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის იმ სტრუქტურებში“.
„ბოლო ათი წელია, ხელფასი არ გაზრდილა ან არ შეცვლილა. თუმცა, ეს საკითხი ყოველთვის იყო, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და არ არის მიბმული საჯარო სამსახურში ხელფასებს, მათ შორის, ის ათპროცენტიანი ზრდა, რაც ბოლო წლებში არის, არ ეხება პარლამენტის წევრებს.
ამან შედეგად გამოიღო ის, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალია, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აპარატში არის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლის ხელფასიც უფრო მაღალია, ვიდრე პარლამენტის წევრის. ამიტომ არის საჭიროება, რომ მოხდეს, შესაბამისობაში მოყვანა.
2017 წელს დადგინდა კოეფიციენტები საჯარო სამსახურისთვის. მაშინ ყველა საჯარო სამსახურში ხელფასები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ამ კოეფიციენტებთან, მათ შორის პარლამენტის აპარატში, თუმცა დეპუტატებისთვის მაშინ ეს ცვლილება არ განხორციელებულა რეგლამენტში, ამიტომ ჩემი ინიციატივაა, რომ მართალია, არა ამ მოწვევის, მაგრამ მომავალი მოწვევის პარლამენტში, 2025 წლის პირველი იანვრიდან მოხდეს ხელფასების, ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც დადგენილია კანონმდებლობით. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ის კოეფიციენტები, ინიციატივა, რომელიც მე მაქვს წარმოდგენილი, სრულად არ ითვისებს იმ კოეფიციენტს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი. უფრო მაღალიც შეიძლებოდა, ყოფილიყო სახელფასო ანაზღაურება“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით პარლამენტის წევრების ხელფასები, თანამდებობების მიხედვით, დაახლოებით, 4000-დან 7000 ლარის ფარგლებშია, ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში კი, 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება.