დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი არ გამოვლენილა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი კლინიკიდან დიდი ხანია, რაც გაწერილია და დაავადება შემდგომში არ გავრცელებულა.
„გლობალურად რისკის დონე გახლავთ საშუალო. უფრო მეტი შემთხვევა ევროპის ქვეყნებშია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ჯერ კიდევ მაისში, როდესაც პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, დავიწყეთ მზადება ამ საკითხთან მიმართებით რამდენიმე მიმართულებით. პირველი, გაეგზავნა ცირკულარი შესაბამისი განმარტებებით სამედიცინო ქსელს, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე და ეს ასე არის, უკვე დაახლოებით 10 სავარაუდო შემთხვევაა იყო ამ ხნის განმავლობაში წარმოდგენილი ჩვენთან გამოსაკვლევად.
ხაზს ვუსვამ, რომ ამ 10-დან მხოლოდ ერთი დადასტურდა, 9 უარყოფითია. ასევე, გავაძლიერეთ ლაბორატორიული ზედამხედველობა და ლაბორატორიული შესაძლებლობები, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც პსრ ტექნოლოგიით, ისე გენური სექვენირებით დავსვათ ეს დიაგნოზი. სწორედ ამ მეთოდებით, 10 სავარაუდო შემთხვევიდან 9 უარყოფითია და ერთი დადასტურებული.
პაციენტი უკვე კარგა ხანია გაწერილია. ინკუბაციური პერიოდი გავლილია, ანუ შემდგომი გავრცელება აღარ ყოფილა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცით, ჩვენ შევდივართ პირველ ჯგუფში, სადაც დაავადება არ იყო დადასტურებული ან თუ იყო დადასტურებული, 21 დღე უკვე გასულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, „საპანიკო არაფერი არის, რადგან აღნიშნულ დაავადებას სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს“.
„მოსახლეობას ვამშვიდებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს დაავადება ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში. როცა საჭიროა მკურნალობა, ტარდება ან ამბულატორიულ ან სტაციონარულ პირობებში, ძირითადად, ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში, ისიც ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომურად“ ,- განაცხადა გამყრელიძემ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში “მაიმუნის ყვავილის” არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“მაიმუნის ყვავილის” შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მაიმუნის ყვავილი ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებში, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში “მაიმუნის ყვავილის” არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და ვფიქრობ, რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავს, მივიდეს ექიმთან და ექიმი დაუნიშნავს შესაფერის გამოკვლევას და მკურნალობას,” – აცხადებს თამარ გაბუნია.
შეგახსენებთ, საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ერთი შემთხვევაა დადასტურებული.