„მასწავლებლობა ცხოვრებას ნიშნავს, თქვენთვის რას ნიშნავს ჟანგბადი? წყალი? ეს არის ჩემთვის მასწავლებლობა“ – ასე ახასიათებს საკუთარ პროფესიას პედაგოგი, 64 წლის მარინა ბედოშვილი, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოდან – რომელშიც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად საკლასო ოთახში ცეკვავს.
❤️?? 159-ე სკოლის 64 წლის მარინა მასწავლებელი და მოსწავლეები შესვენებაზე
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 13 ივნისი, 2023
მარინა ბედოშვილი „პალიტრასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ 159-ე სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას 1984 წლიდან ასწავლის.
პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად ცეკვის მომენტს იხსენებს:
„12 ივნისს დასკვნითი შეხვედრა გვქონდა, ლიტერატურულმა კლუბმა „ნეკერჩხალმა“ სპექტაკლი დავდგით. სპექტაკლის დაწყებამდე ბავშვები ღელავდნენ და ნერვიულობდნენ, მოდი გავერთოთ-მეთქი, შემდეგ ერთ-ერთმა მკითხა, თქვენ რას უსმენდით ადრეო? კომპოზიციები ვუთხარი, შემდეგ გამახსენდა 1972 წლის სიმღერა და ვუთხარი – ამას ვუსმენდი, „იუთუბზე“ თუ ვიპოვით, ჩავრთოთ-მეთქი.
მეგობრებთან ხომ ცეკვავთ, როდესაც საცეკვაო განწყობა გაქვთ? ასე ვცეკვავთ ბავშვებთან ერთად, შრომის დროს ვშრომობთ, სწავლის დროს ვსწავლობთ და დასვენების დროს ვცეკვავთ, ჩვეულებრივი ამბავია..
თურმე ერთ-ერთი მოსწავლე ამას იღებდა, მე მართლა არ ვიცოდი. ბავშვებმა სიურპრიზების გაკეთება იციან ხოლმე და მოსწავლემ ეს ვიდეო ჩემს ფეისბუკის კედელზე განათავსა.
მეუბნებიან: „მარინა მას, თქვენ „სელებრითი“ ხართ, მარინა მას, დაცვა დაგჭირდებათ, წამებში იზდრდება ლაიქები“, – მე ვუთხარი, თარგმნეთ ეგ „სელებრითი“ ქართულად როგორ არის, მელაპარაკეთ ქართულად, ასე რომ ბავშვებისგან გავიგე ეს ყველაფერი, გამიკვირდა, რადგან, მგონი, ცეკვაზე მეტად ალბათ ის უნდა გვაიმტერესებდეს, რას აკეთებენ მასწავლებლები და მოსწავლეები“, – ამბობს მასწავლებელი.
პედაგოგი საკუთარი სწავლების პრინციპებზეც ჰყვება და ამბობს, რომ იმისათვის, რომ ბავშვებს სამშობლო უყვარდეთ, ისინი საკუთარ ქვეყანას კარგად უნდა იცნობდნენ:
„ამიტომ ჩვენ მაწანწალებიც ვართ, ასე დავმწკრივდებით ხოლმე და დავდივართ ტყე-ტყე, მთა-მთა“, – ამბობს მარინა ბედოშვილი.