“მრცხვენია ვაღიარო, რომ ამ უშველებელი კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მიუხედავად, არანაირი რესურსი არ გვაქვს გადაწყვეტილებები საგარეო ჩარევის გარეშე მივიღოთ,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ეს განცხადება დეპუტატმა იმ რეკომენდაციებზე საუბრისას გააკეთა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართული პოლიტიკური სპექტრის მისამართით მოვისმინეთ. როგორც ვოლსკიმ თქვა, სამწუხაროა, როცა უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენელს უწევს მოწოდება – გიყვარდეთ სამშობლო და საზოგადოება.
“არავინ არ თქვას, რომ საქართველოს შეუძლია იარსებოს და სამშვიდობოს გავიდეს საერთაშორისო ფინანსური და პოლიტიკური თანადგომის გარეშე. ეს ადამიანები წარმოადგენენ სერიოზულ ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას განაპირობებენ. როდესაც გირჩევენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ქართული ოცნებისთვის” დათმობას გირჩევენ. კიდევ ერთხელ, დაფიქრება გვმართებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.