რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
პოლიტიკოსის შტაბების ქსელის ხელმძღვანელის, ლეონიდ ვოლკოვის გაცხადებით, ალექსეი ნავალნი, პოკროვის კოლონიაში იმყოფება. მისივე თქმით, რუს ოპოზიციონერს ზურგისა და ფეხის მწვავე ტკივილი აწუხებს.
“გუშინ მასთან ადვოკატი იმყოფებოდა, ალექსეიმ პრეტენზია გამოთქვა, რომ მას ზურგის პრობლემები ჰქონდა, რაც ადრეც აწუხებდა, თუმცა, მდგომარეობა გართულდა. ნავალნი ასევე ფეხზე მგრძნობელობის შემცირებას უჩივის. როგორც ჩანს, მდგომარეობა გამწვავდა და შესაბამისად, კოლონიაში გადაწყვიტეს, რომ მის მოსანახულებლად არ შეგვიშვებდნენ”. – განაცხადა ვოლკოვმა.
მისი ვარაუდით, შესაძლოა ნავალნი დაწესებულების საავადმყოფოში იმყოფებოდეს და კოლონიის ადმინისტრაცია ამ ფაქტის დამალვას ცდილობს.
ცნობისთვის, სასამართლომ რუს ოპოზიციონერს 3.5 წლიანი პატიმრობა “ივ როშეს საქმეზე” გამოსაცდელი ვადის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიუსაჯა. შინაპატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნი ქალაქ პოკროვის კოლონიაში 2.5 წელს გაატარებს.