LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვანე ეკონომიკის პრესტური კახეთში: გაიცანით მცირე და საშუალო საწარმოები, სადაც ეკო-ინოვაციური მიდგომები გამოიყენება

680
BeFunky-collage

მდგრადი საჯარო შესყიდვები, ეკო ეტიკეტირება და მწვანე ეკონომიკა, როგორც ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი, მდგრადი განვითარების ახალი ხელსაწყო – ამ საკითხზე მედიის წარმომადგენლებმა, მეწარმეებმა და გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა კახეთში გამართული პრესტურის ფარგლებში იმსჯელეს და მდგრადი ბიზნესის პრაქტიკებისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით ერთმანეთს მოსაზრებები და გეგმები გაუზიარეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართული შეხვედრა ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი წარმოების უპირატესობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

საქართველოში მწვანე ეკონომიკისა და მისი პრინციპების დანერგვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიაწოდა.

 

 

 

მწვანე ეკონომიკა – არსი და გამოწვევები

 

მწვანე ეკონომიკა თავის თავში მდგრად განვითარებას და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნას გულისხმობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ რესურსებზე ზეწოლა შემცირდეს, ხოლო განახლებადი რესურსების გამოყენება გაიზარდოს.

სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ეს არის ღირებულებათა ჯაჭვის გაგრძელება და ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც გულისხმობს უნარჩენო ტექნოლოგიის შექმნას, ისეთი მოდელის, რომელიც გარემოს მიმართულებით ნაკლები რისკების შემცველია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მწვანე ეკონომიკის თვალსაზრისით ყველაზე დიდი გამოწვევა ნარჩენების მართვაა და ამ პრობლების მოგვარების მიზნით სამინისტრო ცირკულარული ეკონომიკის მოდელის სტრატეგიაზე მუშაობს.

ცირკულარული ეკონომიკა ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტია, რაც ნიშნავს ეკონომიკაში ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებას, რესურსებზე ზეწოლის შემცირებას.

„მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ცირკულარული ეკონომიკა, ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევისთვის მზად არის, რადგან შევიმუშავეთ ნარჩენების მართვის სტრატეგიის პრინციპები. ევროკავშირიც მზად არის მხარი დაგვიჭიროს და ისეთი ბიზნეს მოდელები წაახალისოს, რომელიც ხელს შეუწყობს ცირკულარული ეკონომიკის დანერგვას საქართველოში, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის დანერგვას.

მდგრადი საჯარო შესყიდვები და ეკო ეტიკეტირება სრულიად ახალი გამოწვევაა ქვეყნისთვის. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილება.

მდგრადი საჯარო შესყიდვები ახალი მიდგომაა შესყიდვების პროცესში და გულისხმობს ისეთი პროცესის განხორციელებას, რა დროსაც დამკვეთიც და მომწოდებელიც იღებს სარგებელს, მაგრამ ამავდროულად, გარემოსთვისაც მნიშვნელოვანია ამ პროცესის განხორციელება.

აქ გათვალისწინებულია 3 კომპონენტი: ეკონომიკური ანუ ხარჯეფექტურია ეს პროცესი, სოციალური კომპონენტი – ყველა ფენა იღებს სარგებელს და მესამე, რაც მთავარია, ეს შესყიდვა გარემოს დაცვის კუთხით არ არის ზიანის მომტანი.

რაც შეეხება ეკო ეტიკეტირებას, მარკეტინგის ფორმაა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, რაც ნიშნავს ახალი ბაზრების ათვისებას, საიმედოობის გამყარებას და მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას. საბოლოო ჯამში, ყოველივე ეს მწვანე ეკონომიკის ნაწილი და მისი ინსტრუმენტებია“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება და ამის ნათელი მაგალითი ის საწარმოებია, რომლებმაც უკვე გადადგეს გარკვეული ნაბიჯები თავიანთი წარმოების პროცესის გამწვანებისკენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ეკო-ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს და  ამ მიდგომის დანერგვას მცირე თუ საშუალო საწარმოების პოლიტიკასა და სტრატეგიაში.

ეკო-ინოვაცია წარმოადგენს ნებისმიერ ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ საწარმოო პროცესის დანერგვას , რომელიც ამცირებს მავნე ნივთიერებების გათავისუფლებას მთელი სიცოცხლის ციკლიდან და ხელს უწყობს პროდუქციის ნატურალურ გამოყენებას.

ეს არის ბიზნეს მოდელი, რომელიც მოიცავს მდგრადობისა და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის გათვალისწინებას ბიზნეს ოპერაციებში.

ამ მიმართულებით, საქართველოში არსებობს საწარმოები, რომლებმაც უკვე გადადგეს გარკვეული ნაბიჯები თავიანთი წარმოების პროცესის გამწვანებისკენ.

 

„ყვარლის ბაგა“

 

2010 წელს კახეთში, კერძოდ, ყვარელში დაარსებული რძის მწარმოებელი კომპანიის ფერმის ადგილმდებარეობა სპეციალურად ხელსაყრელი კლიმატისა და ნაყოფიერი ნიადაგის გათვალისწინებით შეირჩა.

კომპანიის „ყვარლის ბაგა“ დირექტორი ამბობს, რომ უკვე 5 თვეა, რაც ფერმაში ეკო ინოვაციური მიდგომებია დანერგილი.

„ჩვენ გვაქვს მზის პანელები, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ დახმარების ფარგლებში დაინერგა. ჯერჯერობით, დაკვირვების პროცესში ვართ, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ეფექტი საკმაოდ დიდი ექნება.

მზის ენერგიის გამოყენება უკვე დიდი პლუსია. მასზეა მიერთებული წყლის სისტემაც და ზოგადად, ფერმის ელექტრომომარაგებაც ამის საშუალებით ხდება და ეს ფერმისთვის ძალიან დიდი შეღავათია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და სიახლე იყო.

ამასთან, ფერმა მოწყობილია ებრაული მოდელის მიხედვით, განსხვავებით ევროპული მოდელისა, ძროხები განთავსებული არიან თავისუფალ სივრცეში, სადგომების ქვეშ, თითოეულ ძროხაზე გათვალისწინებულია 25 კვ.მ.

 

 

თითო ჯგუფში, სადღაც 130-140 ძროხაა. დაყენებული გვაქვს ებრაული წარმოების საწველი დარბაზი, რაც ერთ ჯერზე 58 ძროხის წველის საშუალებას გვაძლევს.

დღეში, დაახლოებით, 35 ტონა რძეს ვწველით.

ეკო ინოვაციური მიდგომებიდან დანერგილია მზის პანელები, ძროხის სადგომები, რომელიც ძროხის კომფორტზეა მორგებული. თითოეულ ძროხას ფეხზე დაყენებული აქვს ჩიპი, რომელიც გადასცემს სიგნალს პროგრამაში, სადაც ვეტერინარებს შეუძლიათ ნახონ ინფორმაცია თითოეული ძროხის შესახებ და პროგრამის მეშვეობით, აკონტროლოს მისი მდგომარეობა.

გარდა ამისა, საქონლის მიერ გამოყოფილ ნაკელს ვიყენებთ საკუთარ მინდვრებში ორგანული სასუქის სახით“, – ამბობს კომპანიის „ყვარლის ბაგა“ დირექტორი.

 

 

ნათია გარგულიას თქმით, მოთხოვნა ბევრად აღემატება წარმოებას, ამიტომ დღის წესრიგში დგას გაფართოების საკითხიც, რაც სადგომის ზრდასა და საქონლის დამატებითი რაოდენობის შემოყვანას ითვალისწინებს.

„ნედლ რძეზე მოთხოვნა თანდათანობით იზრდება. 35 ტონა რძე, რომელსაც დღიურად ვაწარმოებთ, ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. დღეს ჩვენი რძე აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც გვაქვს მწარმოებლისგან.

 

 

ჩვენ ვგეგმავთ გაფართოებას. წლის ბოლომდე 135 ძროხას ჩამოვიყვანთ. ჩვენთან ყიდულობენ მსხვილი მწარმოებლები – „სანტე“, „აგროჰაბი“, „სოფლის ნობათი“. რაც შეეხება ღირებულებას, ფასის ზრდაზე ძირითადად მოქმედებს საწვავის ფასის ზრდა, ლოჯისტიკა არის ძალიან გაძვირებული, საკვები ნედლეულიც საკმაოდ ძვირია, ეს ყველაფერი იწვევს ფასის ზრდას და არა ზამთრის მოახლოება“, – ამბობს კომპანიის „ყვარლის ბაგა“ დირექტორი.

 

წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო

 

წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში 2018 წლიდან ფუნქციონირებს.

საწარმო ყურძნის გადამუშავების შედეგად დარჩენილი ნარჩენების მართვას უწყობს ხელს. საწარმოში ჭაჭის მასის გადამუშავებით, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიიღება.

შპს “ეკოჯორჯიან გრუპის” წარმოების ხელმძღვანელის განცხადებით, საწარმო ღვინის მწარმოებელი ქარხნიდან სეზონზე, დაახლოებით, 2000-3000 ტონა ნარჩენს იღებს.

 

 

 

„ლოკაცია კახეთში ავარჩიეთ, ვინაიდან ჩვენს შემოგარენში ძალიან ბევრი ყურძნის ქარხანაა. ჩვენ გამოწურული ყურძნის ნარჩენს ახლო მდებარე ღვინის ქარხნიდან ვიღებთ.

ჩვენთან ფაქტობრივად, უდანაკარგო წარმოებაა. წიპწისგან გამოდის ზეთი, ზეთის ნარჩენისგან რაც რჩება. ჩვენ ყურძნის წიპწის ზეთს ვაწარმოებთ ცივად გამოხდის მეთოდით.

ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და უნარჩენო წარმოება. აუცილებელია წიპწა ამ ნარჩენისგან 24 საათის განმავლობაში განცალკევდეს, ამას ზეთის ხარისხისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

წარმოების ციკლი მიბმულია რთველზე და შესაბამისად, ძირითადი დატვირთვა გვაქვს სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში. სადღაც 3 000 ტონა ნარჩენისგან 12% წიპწა გამოდის, შემდგომ მიღებული წიპწიდან 10% ზეთი გამოდის.

რთველის პერიოდში ძირითადად წიპწის გამოშრობის პროცესით ვართ დაკავებული. ძალიან შრომატევადი საქმეა. შემდგომ მთელი სეზონის განმავლობაში ვწურავთ ზეთს ცივად გამოხდის მეთოდით.

 

 

ეტიკეტირებას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ვაკეთებთ. ძირითადად კი, პროდუქტს საბითუმოდ ვყიდით, კერძოდ, კასრებით გადის საზღვარგარეთ.

ჩვენი ძირითადი მყიდველები არიან თურქეთი, ესპანეთი და რუსეთი. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, რეალიზაცია ჭირს, რადგან პროდუქტის ცნობადობა დაბალია.

ჩვენ ვმუშაობთ რქაწითელისა და საფერავის ჯიშზე და როდესაც ევროპაში  ანალიზები ჩავატარეთ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. იმდენად სასარგებლო და მაღალი ხარისხის პროდუქტია, თავად ზეთის მწარმოებლები ყიდულობენ ჩვენგან ზეთს.

წიპწის ზეთი გამოიყენება როგორ კვებით პროდუქტად, ასევე, უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკაში.

საწარმოს მაქსიმალური რესურსია სეზონზე 50 ტონა აწარმოოს. საერთაშორისო ბრენდებს კონკურენციას ვუწევთ ხარისხის მიმართულებით, თუმცა გაყიდვების კუთხით მათგან ჯერ კიდევ შორს ვართ. თავად ისინი ყიდულობენ ჩვენგან და ყიდიან საკუთარი ბრენდის სახელით“, – აცხადებს თამაზ აფხაზავა.

 

“Sartichala Vineyard Management“ – მზის პანელებზე მომუშავე სამაცივრე მეურნეობა

 

ღვინის სამშობლოში სუფრის ყურძნის ვენახებიც დავათვალიერეთ.

მზის პანელებზე მომუშავე სამაცივრე მეურნეობა სართიჭალაში, ფერმერული მეურნეობის მიმდებარედ მდებარეობს.

კომპანიამ “Sartichala Vineyard Management” სართიჭალაში სუფრის ყურძნის ვენახები 2020 წელს გააშენა და უკვე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა დაიწყო.

სასაწყობე მეურნეობა, კომპანიას პროდუქციის შენახვის და შესაბამისი პერიოდით განთავსების შესაძლებლობას აძლევს.

შესაძლებელია 1000 ტონა ყურძნის ცივად შენახვა. კომპანია სუფრის ყურძნის 4 სხვადასხვა სახეობას აწარმოებს.

სუფრის ყურძნის განსხვავებული ტექნოლოგიის გათვალისწინებით, მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც საკმაოდ მაღალია.

 

 

აღსანიშნავია, რომ „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტმა“ წარმატებით გაიარა GlobalG.A.P. v.5.4-1 სერტიფიცირება

Global.G.A.P.-ის მიხედვით შპს “სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტის“ მიერ დანერგილი სისტემა ვრცელდება სუფრის ყურძნის მოყვანაზე, რომელიც მოიცავს მოსავლის აღების  შემდგომ პროცესებს – წინასწარი გაგრილება, ცივად შენახვა, გადარჩევა, შეფუთვა და გაცემა/ტრანსპორტირება.

 

 

GLOBALG.A.P-ს (ყოფილი EUREPGAP), ის არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს, სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და აგრო-ქიმიური შენატანების მინიმიზაციის საშუალებას.

 

 

„ბიოდიზელ ჯორჯია“

 

„ბიოდიზელ ჯორჯიამ“ 2018 წელს საწარმოს დაარსებით პირველად მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემოიტანა და დანერგა ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის საფუძველზეც აამუშავა ბიოდიზელის ქარხანა და დაიწყო სუფთა, განახლებადი, ეკომეგობრული საწვავის – ბიოდიზელის წარმოება.

ქარხანა გადაამუშავებს მეორად (გამოყენებულ) მცენარეულ ზეთებს, როგორც ბიოდიზელის საწარმოო ნედლეულს.

„ჩვენი კომპანია სხვადასხვა წარმოებიდან, რესტორნებიდან ზეთს აგროვებს და შემდგომ ამ ზეთისგან ეკოლოგიურად სუფთა ბიოდიზელს ვაწარმოებთ.

 

 

 

 

გვყავს 2 000 კლიენტი, რომელიც გვაბარებს მეორად ზეთს, რაც თვეში 100 ტონა რაოდენობას აღწევს. ჩვენ ახლა ვართ სატესტო საწარმოში, სამომავლოდ ვაპირებთ უფრო დიდი ზომის საწარმოს აშენებას.

ჩვენი წარმოება საკმაოდ ხარისხიანია და ყველაზე დიდი მომხმარებელი გვყავს ევროპაში – პორტუგალიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში.

პრინციპში, საქართველოში არის მოთხოვნა, ვინაიდან ბიოდიზელი ბევრად უკეთესი ხარისხის არის, ვიდრე ჩვეულებრივი დიზელი“, – ამბობს საწარმოს „ბიოდიზელ ჯორჯია“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოფჩიშვილი.

კომპანიას უკვე შეგროვებული აქვს თითქმის მილიონ ლიტრამდე მეორადი ნარჩენი ზეთი, რომლისგანაც აწარმოა 500 ტონა ლიტრი ოდენობის ბიოდიზელი.  ამ გზით კომპანიამ დაზოგა ათას ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის ემისია ატმოსფეროში.

 

 

 

პრესტურს მედიის წარმომადგენლებთან ერთად, UNEP-ის პროგრამის ოფიცერი ფარიდ იაკერი, EU4Environment  პროექტის ექსპერტი ლესია ნიკოლაევა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment  პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომლის აქტივობების განმახორციელებელია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP).

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებების დასანერგად.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას, კერძოდ, მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომის დანერგვას, ეკოეტიკეტირებისა და ეკო-ინოვაციების წახალისებას.