LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „არ მინდა იმის გააზრება, რომ ჩვენი პროფესია საჭირო აღარ იქნება…“

483
nankakalatozishviliex

მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით, სადაც მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ და ახალი ფოტოსესიაც გადავიღეთ. მსახიობი არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა სცენაზე, თავისი სხვა კოლეგების მსგავსად, ვერ გამოდის გასაგები და ობიექტური მიზეზების გამო – კორონავირუსმა ხელოვანებს აუდიტორიასთან ურთიერთობის სიამოვნება მოაკლო. არავინ იცის, როდის შეძლებენ ისეც სცენის მტვერის ჩაყლაპვას, რომელიც ძალიან მოენატრათ.

ნანკამ ეს პერიოდი, კარანტინის წესების სრული დაცვით, შვილის გარემოცვაში, მასზე ზრუნვით გაატარა.

ნანკა კალატოზიშვილი:

ამ სტრესისგან ბოლომდე არ ვარ გათავისუფლებული. არც ნათესავებს, არც მეგობრებს ვნახულობდი. სახლში შესული ყველაფერს ვსპირტავდი, ტანსაცმელს აუცილებლად ვიხდიდი და აბაზანაში შევდიოდი. ორი კვირის წინ ჩემი ძმა მესტუმრა და გამოსაცვლელი ტანსაცმელი წამოვაღებინე. ახლა ჩემთან სტუმრობისას მხოლოდ ფეხზე იხდიან.

ძალიან აქტიურად არც ახლა გავდივარ გარეთ. ერთხელ გავედი „მზიურში“, სადაც ბევრი ხალხი დამხვდა. მას მერე იპოდრომი ავარჩიე, სადაც დისტანციის დაცვა შესაძლებელია. ნელ–ნელა მოვინახულე მეგობრები. ბოლომდე ვერ მოვდუნდი. ის ფსიქოზი, და ამ სიტყვას თამამად ვამბობ, არ მჭირდა არც ღორის გრიპზე და არც სხვა ვირუსის დროს.

სანამ კარანტინი გამოცხადდებოდა, რეპეტიციები გვქონდა თეატრში, პრემიერა უნდა გვქონოდა, ტვინით გადართული ვიყავი… მერე, როცა ბრძანება მოვიდა, რომ აღარ შეიძლებოდა არაფერი, ტელევიზორთან დავჯექი და იქ დაიწყო ჰორორი. როცა ვუყურებდი, ხალხი როგორ არ უფრთხილდებოდა ერთმანეთს, მგონი, ამის გამო დამეწყო შფოთვა.

ახლა ხელთათმანებს აღარ ვიცვამ, თუმცა აფთიაქსა თუ სუპერმარკეტში აუცილებლად მიკეთია. პირბადე გარეთაც მეკეთა და გული მიმდიოდა, ახლა, თუკი ახლოს ხალხი არაა, ვიხსნი.

ეს სამთვიანი პერიოდი, ალბათ, მათთვის უფრო ადვილი იყო, ვისაც შვილი ჰყავს, რადგან ბავშვზე ზრუნვა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

დანის გადაეწია დაძინების დრო. ისე მეცოდებოდა სტრესული გარემოს ქვეშ, რომ ნაკლებად ვაძალებდი რამეს. აი, ხომ ხედავ, ინტერვიუსთვისაც ძლივს ვიპოვეთ თავისუფალი მონაკვეთი. ორი თვე როგორ გავიდა, ვერ მივხვდი. ბავშვმაც გმირულად გადააგორა. ონლაინგაკვეთილებს ესწრებოდა.

იზოლაცია კარგად გამოძინების საშუალებაა, მაგრამ მე ღამე ვიწყებდი კითხვას. ძალიან მომეწონა ჩაკ პალანიკის „ხრჩობა“, რიუ მურაკამის „პირსინგი“, ორჰან ფამუქის „წითელი ქალი“, მარიო ვარგას ლიოსას „ცუდი გოგოს იონები“, ჟოსე სარამაგოს „კაენი“. ახალი დაწყებული მაქვს ლუი–ფერდინანდ სელინის „სიკვდილი კრედიტით“, რაც გარეთ გავედი, ცოტა ნელა ვკითხულობ…

მაუგლებივით ვართ. პირადად მე, რეპეტიციების გამო, მეგობრები არა სამი, არამედ ექვსი თვის უნახავი მყავდა…

რას დგამდით?

ჩეხოვის „თოლიას“. თეატრი ცოცხალი ორგანიზმი და მაყურებელთან კონტაქტია. როგორ გააგრძელებს არსებობას, არ ვიცი. სერიოზულ გაუგებრობაში ვართ, არც არავის ვახსოვართ დიდად. განათლებისა და კულტურის სფეროს თანხა ჩამოაჭრეს. მაინც მგონია, რომ თეატრმა საუკუნეებს გაუძლო და ახლაც გადარჩება. თეატრი გასაქცევი ადგილია, სადაც ემოციებს ხარჯავ, ლაპარაკობ საკუთარ თავთან. ვფიქრობ, თეატრის არსებობა კიდევ უფრო საჭირო გახდება.

ხელფასებს გიხდიან?

ჩვენ სახელმწიფო თეატრი ვართ და გვიხდიან, თუმცა დანარჩენებმა რა უნდა ქნან?!. ვინც გამომუშავებასა და სპექტაკლზეა და არ მუშაობს სახელმწიფო თეატრში. საერთოდ, რა უნდა ქნას ხელოვნების სფერომ, არ ვიცი. მხოლოდ თეატრი ხომ არ არის… ივნისიდან ბევრი რამ გაიხსნა, მაგრამ თეატრს ეს არ შეხებია. რეპეტიციებიც რომ დავიწყოთ, რა ფორმითაც დაიდგა, იმის ნახვის შესაძლებლობა თუ ექნება მაყურებელს და რაც მთავარია, როდის, არ ვიცით.

თეატრის მსახიობისთვის ორმაგად ძნელია ეს პაუზა. როგორ ფიქრობ, როგორი იქნება პირველი შეხვედრა მაყურებელთან?

არ ვიცი… აპლოდისმენტები ამ პროფესიის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. მაყურებელთან კომუნიკაცია ნარკოტიკივითაა. ამისთვის ხდება ეს ყველაფერი. ჩემთვის გაუგებარია, როგორი ფორმით უნდა შევხვდეთ მაყურებელს.

სხვა პროფესიაზე ხომ არ დაფიქრდი?

იმდენად დიდი შინაგანი პროტესტი მაქვს, არ მინდა იმის გააზრება, რომ ჩვენი პროფესია აღარ იქნება საჭირო. ფიქრები მატერიალიზდება, ასე რომ ჯერ ჩანაცვლებაზე არანაირად არ ვფიქრობ. თეატრი უნდა გაცოცხლდეს. მან ცხოვრება უნდა გააგრძელოს. მხოლოდ ამას ვფიქრობ. არასდროს მიფიქრია, რას გავაკეთებდი მსახიობობის გარდა. ვერც წარმომიდგენია. სხვა გზა თუ არ მექნება, მერე დავფიქრდები. ცოტა იმას მაგონებს, ადამიანი რომ გიყვარს და იცი, ერთი წელი ვერ ნახავ. მას სხვა ადამიანით ხომ ვერ ჩაანაცვლებ? მაინც მასთან შეხვედრის იმედი გაქვს. თუ გეცოდინება, რომ ვერასდროს ნახავ, ეს უკვე სხვა არის.

მოკლედ, თეატრი ისე გჭირდება, როგორც სუფთა ჰაერი. სუფთა ჰაერი ვახსენეთ და კარანტინის დროს ის საკმაოდ კარგად ჩავისუნთქეთ… უმანქანო დღეებზე რას ფიქრობ?

შაბათ–კვირას უმანქანობას მოჰყვებოდა ის პროტესტი, რაც მოჰყვა. ვფიქრობ, თბილისის მერმა უნდა იფიქროს ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებაზე, რადგან ძალიან დაეტყო ქალაქს კარანტინის დროს. მე მივესალმებოდი ინიციატივას, როცა კენტ და ლუწ რიცხვებში აქვთ სიარულის უფლება მანქანებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი განიტვირთოს. პანდემიის დროსაც თუ ვერ მივხვდებით, რომ მიწაზე უნდა ვიმუშაოთ, არ ვიცი… რაიონში კარგად რომ იყოს ადამიანი, აქეთ არ გამოიქცევა გადასარჩენად. სახელმწიფომ სოფელს უნდა მიხედოს, გზა და წყალი რომ არ არის და ხალხი მიწას უნდა დაუბრუნდეს. არც ისე ბევრნი ვართ, გვაქვს კარგი რესურსი, მიწა, რაზეც ყველაფერი ამოდის და რატომ ვართ ასეთ უბედურ დღეში.

უკვე ვახსენეთ შენი ვაჟი, დანი, რომელიც ახლახან 7 წლის გახდა. დედას რომ ჰგავს გარეგნობით, ეს ვიცით და როგორი ბიჭია?

სხვათა შორის, გარეგნობით მამასაც ჰგავს. წელს პირველად გადავუხადეთ დაბადების დღე ღია ცის ქვეშ, რადგან სახლში ამდენ ხალხს ვერ დავპატიჟებდით. ტორტი მოვუტანეთ, ჯერ სახლში აღვნიშნეთ, მაგრამ მერე ამინდს რომ შევხედეთ, გარეთაც მოგვინდა გასვლა.

როგორც გითხარი, გმირი დავარქვი, რადგან რაპუნცელივით იჯდა სახლში.

დამჯერი ბიჭი გამოდგა…

ნანკას შვილი მთლად დამჯერი ვერ იქნება, რადგან ჩემი ხასიათი აქვს, მაგრამ კარანტინი კარგად გადაიტანა. აქვს სიჯიუტე, მაგრამ თავისუფლებასაც ვაძლევ. იცის, რომ უფროსი ყოველთვის მართალი ვერ იქნება. ტონს რომ ვიცვლი, ამბობს, ნუ ყვირიო. ვკამათობთ ხოლმე, ერთმანეთს ვუმტკიცებთ რაღაცებს. გამოცდილებას ვუზიარებ და ვეუბნები, რომ მისი გადასაწყვეტია, ავნებს თავს თუ არა (იღიმის). ვიცი, რომ რასაც ვეუბნები, ესმის, რადგან ადეკვატური რეაქცია აქვს. მხატვარი ხარ და შენს ცხოვრებას თავად ხატავ, როგორი ნახატი გექნება, თავად გადაწყვეტ–მეთქი, თუმცა დედა ვარ და იცის, რომ მაინტერესებს, როგორი იქნება ეს ნახატი…

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები