ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ კარანტინის შემდეგ ადამიანების აგრესია მოსალოდნელი იყო.
მისი თქმით, შესაძლოა, აგრესიამ ჩამოანგრიოს ის, რის ჩამონგრევასაც ადამიანები საკუთარი სურვილით ვერ ახერხებდნენ.
“კარანტინის დასაწყისშივე, რომ მეკითხებოდნენ, როგორ იმოქმედებს ეს ადამიანებზე? – ვამბობდი, დინამიკა იქნება ასეთი, – ადამიანები ჯერ გახდებიან ჩვილებივით მორჩილები, მერე ამოხეთქავს აგრესია. მთელ მსოფლიოში ასე მოხდა, ჩვენთან უფრო სუსტად, რის მიზეზიც მგონია ის, რომ შინ და გარეთ ცხოვრებას შორის კონტრასტი ჩვენთან ნაკლებია, ვიდრე “მდუღარე და მჩქეფარე” ქვეყნებში.
მიუხედავად ამისა, კარანტინის დროსაც წამიერად მიტევდა წესების დარღვევის სურვილი, კარანტინის შემდეგ ვარ გაზარმაცებული (რაც მეტი საქმე მაქვს, მით უფრო), ჩვეულებრივზე აგრესიული (ჩხუბში არ გამოიხატება, დესტრუქციის სურვილში და რის დესტრუქციის, სულერთია, ავტო თუ გარეთ მიმართული, ეგეც სულერთია).
ახლა კარგი დროა, თუ აგრესია ჩამოანგრევს, რისი ჩამონგრევის ენთუზიაზმიც ადრე არ გვქონდა, ცუდი დროა, – არ შემოგველეწოს ის, რაც არაა ჩამოსანგრევი. თქვენ როგორ ხართ?”