ბრიუსელში, მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და შერიგების საკითხები განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც ქართულმა მხარემ გაახმოვანა, იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა. კონკრეტულად, საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. მოკავშირეების მხრიდან კი შეშფოთება გამოითქვა მცოცავი ოკუპაციისა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო.
საზღვარი იქნება დახურული, სანამ ქართული მხარე უკანონო საგუშაგოს არ მოხსხნის – ანატოლი ბაბილოვი
სხდომის ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რაც წლიური ეროვნული პროგრამის 2019 წლის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან უაღრესად პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკისა და თავდაცვის სექტორის რეფორმები. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან – მხარდამჭერი განცხადებები ნატოს ლონდონის სამიტზე
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკის შესახებ.
“ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, როგორც პოლიტიკურ ასევე პრაქტიკულ განზომილებაზე. მოკავშირეთა მიერ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგული რჩება 10 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამავდროულად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში გაწევრიანებულად. მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ, ხაზი გაესვა 2019 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებულ დინამიკას და დასახეს სამომავლო გეგმები. ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებით უზრუნველყოფის, უსაფრთხოების სექტორზე პარლამენტის საზედამხედველო როლის გაზრდის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების მიმართულებით. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეონასთან. ხსენებულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.