“თმით მათრევდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაწითლებები მქონდა. როდესაც ჩოგანი მომხვდა თავში და სხეულზე, მახსოვს, რომ მოვიხარე და ხელი ავიფარე. ნამდვილად არ მახსოვს ტელეფონი სად დავარდა. სიწითლეები მემჩნეოდა. ეს არ იყო დაჟეჟილობა, მქონდა ნაკაწრები და სიწითლეები”, – ეს განცხადება ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნელი დოროყაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
კითხვაზე, რატომ განიცდიდა მოძალადე ადამიანის სხვაგან წასვლას, თუ მის მიმართ მართლა ხორციელდებოდა ძალადობა, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ შესაძლოა, მის მიმართ მიჯაჭვულობა ჰქონდა.
“იყო შემთხვევა, როცა ვრიგდებოდით. ალბათ, ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა, მეც და ყველა ქალი ძალადობას დაასრულებდა.
ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მასზე ვტიროდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებდა. ამ ყველაფრის შემდეგ მასზე ვნერვიულობდი. შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა. ალბათ, იმ მომენტში სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია”, – განაცხადა დოროყაშვილმა.
დღევანდელ პროცესზე გრძელდება ბრალდებულის ყოფილი მეუღლის გამოკითხვა. ნეკა დოროყაშვილი დაცვის მხარის შეკითხვებს პასუხობს.
ჩოგბურთელი ყოფილ მეუღლეზე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს 2 წლის წინ. ის 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს.