LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: გარდაუვალ აუცილებლობად ვთვლი, პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს, როგორც დღის წესრიგი, ასევე შიგთავსი – ახლა, როგორც არასდროს „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი

128
ნიკა მელია - IPN-ს ფოტო

„ამ წუთის მდგომარეობით ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და ამავე დროს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, სამწუხაროდ, პარტიის გაძლიერებას სტრუქტურულად გაუმართავი მდგომარეობა არ ემსახურებოდა, რომელშიც ჩვენ ვიყავით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპოზიციურ პარტიაში მიღებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი.

მელიას თქმით, ახლა მიღებული ცვლილებების გარშემო პარტიაში ერთიანი პოზიცია არსებობს. ენმ-ს ლიდერი მიიჩნევს, რომ პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი გეგმა, სტრატეგია, რომელიც იქნება წარმატებული.

საკადრო ცვლილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“ – პარტიაში პოლიტსაბჭო მიმდინარეობს

„ახლა, როგორც არასდროს, პარტია არის ერთიანი და ერთიანი ვართ შეთანხმებებშიც. გარდა იმისა, რომ პეტრე ცისკარიშვილი არის კვალიფიციური პროფესიონალი, ის ჩემი პირადი მეგობარია. გარდა იმისა, რომ კობა ნაყოფია ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა ბოლო წლების განმავლობაში, ის ასევე არის ჩემი პირადი მეგობარი.

დღემდე პარტიას პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავდა. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ გვქონდა მიღებული, მაგრამ განვითარებული პროცესების კვალდაკვალ ვერ მოხერხდა, რადგან შარშანდელი წელიწადი იყო მძიმე მოვლენებით დატვირთული. პარტიის ეს რეფორმირება არის მხოლოდ დასაწყისი“, – განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ.

როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის წევრების ერთის მეორით ჩანაცვლებისთვის არ იბრძვის. მისი თქმით, რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შემართული იყოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, გარკვეული დროის შემდეგ იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგას სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების განახლება და გადანაცვლებები​.

„ცვლილებები აუცილებელია და განპირობებულია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ თითოეული ჩვენგანი ვდგავართ, ვგულისხმობ ქვეყანას და სახელმწიფოს.

ახლა მე ვთვლი გარდაუვალ აუცილებლობად, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც თავისი დღის წესრიგი ასევე შიგთავსიც კი და ორგანიზაციული თვალსაზრისით, ბევრად უფრო გასაგები სამართლებრივი იურიდიული ფორმა მივიღოთ საზოგადოებისთვის, რათა იცოდეს საზოგადოებამ რისთვის ვიბრძვით და რა გვინდა.

ცვლილებების აუცილებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ის, ვინც, დღემდე აქტიური იყო პარტიაში ვერ ართმევდა თავს მოვალეობებს და სხვა გაართმევს, არა! არავითარ შემთხვევაში! ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ჩვენ კარი უნდა გავუღოთ ყველა გამოცდილ საქართველოს მოქალაქეს.

მათ ჩვენში უნდა დაინახონ იმედი და პერსპექტივა, მათ უნდა დაინახონ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იბრძვის ერთის მეორით ჩასანაცვლებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორ პარტიებთან ერთად იბრძვის, რომ თითოეულ თქვენგანი დავარწმუნოთ და დავაჯეროთ, რომ არაფერი გვამოძრავებს ნათელი მომავლის გარდა, რომელიც თითოეული მოქალაქის ხელშია და ჩვენივე ბედის შემქმნელები ვართ ჩვენ.

ამიტომ პროცესი რომელიც დღეს დავიწყეთ გაგრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიის შიგნით მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განხორციელებული“, – განაცხადა მელიამ.

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები