„ასოციაცია ქართულმა სახლმა“ იტალიაში ახლახან ნოდიკო ტატიშვილის სოლოკონცერტებს გაუწია ორგანიზება.
კონცერტების შემდეგ, ასოციაციამ მომღერალს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა:
„წელს გაზაფხული მილანსა და რეჯო ემილიაში ქართველი ემიგრანტებისათვის, უსაყვარლესმა და უნიჭიერესმა მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა მოიყვანა.
დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილმა კონცერტმა, რომელიც შესაბამისად 4 და 5 მარტს გაიმართა, ორივე ქალაქში სრული ანშლაგით ჩაიარა.
სიტყვებით ძნელია იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც იქ სუფევდა….
ეს იყო ნამდვილი ქართული გენის და სულის ზეიმი, რომელსაც ასე მოწყურებული არიან სამშობლოს და თავიანთ ოჯახებს წლობით მოცილებული ემიგრანტები.
ამდენი ბედნიერი სახე, სიხარულის ცრემლები და ამაღლებული განწყობა დიდი ხანია არ გვინახავს.
ყველაზე დიდი არგუმენტი ამ ყველაფრის ნაწილობრივ გადმოსაცემად, ის ფოტოები და ვიდეორგოლებია, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ.
ჩვენ კი კვლავაც გპირდებით მრავალ დაუვიწყარ დღეს, რათა გაგიფერადოთ მძიმე ემიგრანტული ცხოვრება.
თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ!!!
ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე!
ასოციაცია მილანის „ქართული სახლის“ და თქვენი სახელით დიდი მადლობა ნოდიკო ტატიშვილს ამ ბედნიერი წუთების მონიჭებისთვის!!
ნოდიკო ტატიშვილმა fortuna.ge-ს საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებებიც გაუზიარა:
„ეს იყო ორი არაჩვეულებრივი დღე, ორი არაჩვეულებრივი კონცერტი და შეხვედრები ქართველ ემიგრანტებთან. ვარ აღფრთოვანებული მათი უდიდესი სიყვარულით და სითბოთი და იმით, რომ ორივე ქალაქში ორივე დარბაზი იყო სავსე. არც ერთი ადამიანის გამოხატული სითბო და სიყვარული არ დამავიწყდება. მართლა რასაც ფიქრობენ, მთელი გულით გეუბნებიან – იქნება ეს კომპლიმენტი თუ დიდი სიყვარულის გამოხატვა. ბედნიერი ვარ, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციამ, რომელიც ქართველებმა დააფუძნეს, მიმიწვიეს ჩვენს ემიგრანტებთან კონცერტებით. დიდი მადლობა ამ შესანიშნავ ოჯახს, ჯანოს და მაკას ამ შესაძლებლობისთვის.
კონცერტს ესწრებოდა მილანში არსებული ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს წინამძღვარი, მამა კირიონ მაჩაიძე. ეს სამრევლო ერთ-ერთი ყველაზე დიდია დასავლეთ ევროპის ეპარქიაში.
რამდენიმე ქალბატონმა, ჩემი შვილის ხელა ხარო, მითხრა და ჩამეხუტნენ. თითქოს ეს მონატრების ემოციები დახარჯეს ჩემთან ჩახუტებით… ძალიან ემოციურია ხოლმე ემიგრანტებთან შეხვედრა და სტუმრობა, მათთვის სიმღერა, მათი ცრემლიანი თვალების ყურება სცენიდან. ამ კონცერტების დროს მინდა, რაღაცნაირად დავაბრუნო ხოლმე საქართველოში… მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს და ორგანიზატორებს!..“