LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანდემიის პირობებში ერთხელ არ გიხსენებიათ „ქამრების შემოჭერა“ – ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს

40
ალეკო ელისაშვილი

„აქამდე ამბობდით მაინც, თქვენი წინამორბედები ამბობდნენ ხოლმე „ქამრებს შემოვიჭერთო“. წესით, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მთავრობას „ქამარი“ უნდა შემოუჭიროს. გვითხარით ციფრები, თანხა, რას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს „ქამარი“ და როგორ გადაანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე დაზოგილი თანხა,“ – ამ განცხადებით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა.

მისი თქმით, იგი ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებულია იმის გამო, რომ ფინანსთა მინისტრს, ამ ერთწლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს, ერთხელ არ უხსენებია რა გააკეთა როგორც მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობის ხარჯები შეემცირებინა.

„ერთხელ არ გიხსენებიათ „ქამრების შემოჭერა,“– მიმართა ალეკო ელისაშვილმა ლაშა ხუციშვილს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში„მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

გარდა ამისა, ელისაშვილმა გარემოვაჭრეების პრობლემებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ხალხი გარემოვაჭრეები არიან, რომლებიც ლუკმა-პურისთვის მთელი დღის განმავლობაში, წვიმაში, ქარში, ტალახში დგანან და სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობენ.

„ხან ჩამოუქროლებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური, დააწიოკებს ამ ხალხს, აყრის, გაყრის, არ შეიძლება, რომ რაღაც ადამიანური წესები მოვიფიქროთ ამ ხალხისთვის, საგადასახადო რეჟიმი თუ რაღაც სხვა, რომ ადამიანებად გრძნობდნენ თავს და სულ მორიგი თავდასხმის შიში და მოლოდინი არ ჰქონდეთ?!,“- მიმართა ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

ამასთან, ის ვეტერანების დახმარების საკითხსაც შეეხო. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, სირცხვილია, როცა მათი სამშობლოსთვის თავგანწირვა მხოლოდ 22 ლარი ღირს.

„ზუსტად ამდენ თანხას იღებენ ვეტერანები თვიდან თვემდე. 37 მილიონი ლარია საჭირო იმისთვის,რომ სულ მცირე 100 ლარამდე გაიზარდოს ეს დახმარება, არც 100 ლარი არის ღირსეული თანხა, ესეც სამარცხვინოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაცაა, რომ ამ ადამიანებმა იფიქრონ, ტყუილად არ დასახიჩრებულან, ტყუილად არ შეუშვერიათ მოწინააღმდეგისთვის შუბლი. იქნებ მოიძიოთ ეს თანხა, მითუმეტეს, თუ ბიუჯეტის კორექტირებას აპირებთ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები