„ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2019 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომელიც დღეს ბათუმში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო.

„მანდარინის კრეფის სეზონი ინტენსიურ ფაზაში შედის, ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული კულტურა, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული აჭარის და გურიის მოსახლეობის შემოსავლები და მათი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, აჭარაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უნდა აღინიშნოს, გვაქვს ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირ კავშირშია ფასებთან. კარგი შედეგები გვაქვს ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, უკრაინა და რუსეთია, თუმცა მოთხოვნა გაზრდილია შუა აზიაში, დაინტერესებაა ბელორუსიდანაც; ბაზრების გეოგრაფია იზრდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოდან უკვე ექსპორტირებულია 7 900 ტონა სტანდარტული მანდარინი. წელს ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა: სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა.

მსგავსი თემები