“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნებს არავითარი აზრი არ აქვს.
გეგელიას თქმით, სწორედ ახლა წყდება სახელმწიფოებრიობის საკითხი და ის, თუ რამდენად აქვს აზრი ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას:
“ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ყველა დიდ ქალაქს მიიტაცებს, ყველა მოქალაქის ხმას მიიტაცებს, ადამიანის სინდისით ივაჭრებს, იკადრებს აბსოლუტურად ყველაფერს და საქართველოს სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს. ჩვენ ნათლად ვნახეთ, რომ ეს პრივატიზაციის პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩაცემენტდა და „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს არავითარი აზრი არ გააჩნია.
ახლა წყდება სახელმწიფოებრიობის საკითხი და ის, თუ რამდენად აქვს ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი. ამაზე დიდი და ფუნდამენტური არაფერი არსებობს დემოკრატიულ პოლიტიკაში. შესაბამისად, ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენეთ ზეწოლისთვის და იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადოს ძალიან ძვირი ფასი წუხელ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის.” – განაცხადა გეგელიამ.
მისივე თქმით, დღეს საღამოს გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებას გააცნობს საკუთარ ხედვას, თუ როგორ გააგრძელებენ ბრძოლას.
შეგახსენებთ, ოპოზიცია საკუთარ გეგმას მხარდამჭერებს დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან გააცნობს.
ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას