საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან 10 დღის განმავლობაში 4 დიდი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი ჩაიკეტება. ახალი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ქვეყანაში ზომები მკაცრდება. შეზღუდვები შეეხო მართლმადიდებლურ დღესასწაულზე საფლავებზე გასვლის ტრადიციასაც. იმას, რაც გუშინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა შესაძლო ვარიანტად განიხილა, დღეს იმერეთში უკვე ოფიციალური ფორმა მიეცა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება. ზვიად შალამბერიძის განმარტებით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში, თუმცა, მისი თქმით, ეს შეზღუდვა 3 დღეს გაგრძელდება და აღდგომის დღეს სასაფლაოებზე მისასვლელი გზა დაკეტილი იქნება.
„დიდი ქალაქების – ქუთაისის და ზესტაფონის – სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაიკეტება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება – კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების რისკი დიდია“, – განაცხადა შალამბერიძემ.
შესაძლოა იძულებული გავხდეთ და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს – პრემიერი
შეგახსენებთ, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავრობის გადაწყვეტილებით 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის განკარგულება გასცა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე.