LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 მაჟორიტარობის კანდიდატი ცნობილია: რა გადაწყვიტა ოპოზიციამ

114
unnamed

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საკუთარი კანდიდატები დაასახელა.

„პოლიტიკოსებმა თანხმობას მივაღწიეთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე, რათა პოლიტიკიდან გავიტანოთ ოლიგარქია.  უკანდამხევი არავინ ვართ. თბილისის ოპოზიციური საკონსტიტუციო ფორმატი არის გვარდია, რომელმაც უნდა ასწიოს გამარჯვების დროშა და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ნათელაშვილმა თითოეული კანდიდატი ჩვეული იუმორით წარადგინა.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ როდესაც დავით აღმაშენებელმა ამირასაგან გაათავისუფლა თბილისი, მერე თბილისიც გათავისუფლდა არაბთა მმართველობისგან, დამთავრდა არაბთა ბატონობა და შეიქმნა დიდი საქართველო. დღეს ჩვენ თბილისი უნდა გავათავისუფლოთ ოლიგარქიისაგან და არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისიდან მაჟორიტარის ქსელებით ისევ შემოვიდნენ ხელისუფლებაში ავადსახსენებელი სახეები.

ამისათვის ქართულმა ოპოზიციამ, საქართველოს საკონსტიტუციო ფორმატმა, მიაღწია უპრეცენდენტო, ეპოქალურ ერთობას და თქვენს წინაშე ვასახელებთ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს დედაქალაქ თბილისის 6 რეგიონში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ვაკეში ოპოზიციამ ბრძოლის ველი ელენე ხოშტარიას ანდო.

„ყველას გახსოვთ, 20 ივნისის დღეები და ღამეც და ყველას გახსოვთ, საქართველოს დროშა შემოხვეული ქალბატონი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რომელმაც ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ფაქტობრივად გააძევა გავრილოვი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან, სადაც თავის დროზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს გახლავთ ქალბატონი ელენე ხოშტარია. ის ვაკეში იყრის კენჭს და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერა გარანტირებული ექნება“.

გლდანში „ქართულ ოცნებას“ ნიკა მელია შეებრძოლება.

„თქვენ კარგად მოგეხსენებათ ერთადერთი პოლიტიკოსი დედამიწაზე, რომელიც ხელისუფლებამ ელექტროსამაჯურით ატარა, დასაჯა, დეპუტატობა წაართვა და პასუხისგებაში მისცა. ამ პიროვნებამ თავისი მამულიშვილობა აჩვენა მთელს ქვეყანას და მსოფლიოს, ეს გახლავთ ბატონი ნიკა მელია, რომელიც გლდანში იყრის კენჭს. ვიცი, რომ ჩემი გლდანელები აქაც იტყვიან ისტორიულ სიტყვას“.

პრემიერობისთვის ვეღარ, მაგრამ ისანში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს გიორგი ვაშაძე.

„ყველა ვამაყობთ რეფორმებით, რომელიც საქართველოში გატარდა, მართლაც სანიმუშო რეფორმები, განსაკუთრებთ იუსტიციის სფერო და ის, რაც დაკავშირებულია ამ პროცედურებთან, რაც თავის დროზე გახლდათ პრობლემა პასპორტის აღებიდან დაწყებული, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანაში დღემდე პრობლემაა. ამ რეფორმების ინიციატორი და ერთ-ერთი სულისჩამდგელი გახლავთ ბატონი გიორგი ვაშაძე. ის ისანში იყრის კენჭს. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ მისდამი მხარდაჭერას, ასეთი რეფორმატორი ლიდერები სჭირდება დღეს საქართველოს“.

ლევან ხაბეიშვილი ნათელაშვილმა 301-ე არაგველად წარმოგვიდგინა, რომელიც სამგორში იბრძოლებს.

„როდესაც ბატონ ლევან ხაბეიშვილს ვუყურებ, მომავლის იმედი მეძლევა. ისეთი მებრძოლი კაცია, 301-ე არაგველი მგონია. არაგველებიდან ვარ და წარმოდგენებს იქიდან ვაკეთებ. ნეპოტიზმის, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდია ეს ახალგაზრდა ლიდერი და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა ყველა ჩვენგანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალია სამგორის რაიონში“.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის კვლავ იბრძოლებს შალვა შავგულიძე.

„მე რომ ვცხოვრობდე მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ხმას მივცემდი ისეთ უფლებადამცველს, ისეთ იურისტს, ისეთ დახვეწილ ინტელექტუალსა და ინტელიგენტს, როგორიც ბატონი შალვა შავგულიძე გახლავთ. ჩემი სეხნია და  ვფიქრობ, ჩემი მთაწმინდა ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად“.

ნათელაშვილმა საკუთარი თავი მოკრძალებულად წარადგინა ნაძალადევის რაიონში.

„თქვენი მონა-მორჩილი ბრუნდება თავის სამშობლოში, თავს პოლიტიკურ აკვანში, ნაძალადევის რაიონში. სწორედ ნაძალადეველთა უდიდესი დამსახურებაა ის, რომ 30 წელია „ლეიბორისტული პარტია“ არსებობს როგორც ძალა, რომელიც იბრძვის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და მე სხვა გადაწყვეტილების უფლება არ მქონდა და  მადლობას ვეუბნები კოლეგებს, რომ მხარი დამიჭირეს“.

 

ნათელაშვილის ინფორმაციით, დიდუბე ჩუღურეთის ოლქში და საბურთალოზე გაგრძელდება ნაყოფიერი კონსულტაციები და ისეთ კანდიდატურებს დასახელებენ, რომელიც ყველას გაახარებს.
ნათელაშვილმა არ გამორიცხა, რომ ერთ-ერთ ოლქში დასახელდეს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

„კონსულტაციები, მიმდინარეობს“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები