LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში ასცდება 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი 10 ლარს – „საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საწვავი მხოლოდ ევროპიდან, ან არაბეთის ნახევარკუნძულიდან მიიღოს“

285
ipiccy-image-2022-04-12_17-36-19_532304-e1649770587792

საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საწვავი მხოლოდ ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან ან არაბეთის ნახევარკუნძულიდან მიიღოს, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს. ის ამბობს, რომ დღეს, მსოფლიოში ნავთობისა და საწვავის ფასს განსაზღვრავს ოპეკი და პლაცი. როგორც ეკონომისტი ამბობს, ფასი, ასევე ნავთობის მოპოვების ოდენობა, სიხშირე და ა.შ, ნებისმიერი შემსყიდველისთვის (ქვეყნისთვის) არის ღია და გამჭვირვალე. ასევე გამჭვირვალეა საწვავის შესყიდვის გზები და იურიდიული დეტალები.

მაგალითისთვის, დღეს ბენზინი ყველაზე იაფი ღირს ირანში, მაგრამ ირანი არის სანქცირებული ქვეყანა, ირანთან სავაჭრო ურთიერთობა (საწვავის კუთხით) არის ბლოკირებული და საქართველოს რომელიმე პორტმა თუნდაც 1 ლიტრი ირანული საწვავი რომ მიიღოს, გასცდება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მოხვდება სანქციების ნუსხაში. (ახლა რომ ირანიდან საწვავი შემოგვქონდეს, 1 ლიტრი გადასახადების ჩათვლით, ეღირებოდა მაქსიმუმ 1.8 ლარი). დღეს საქართველოს საწვავის ბაზარი ასეთია: რუსეთი 25.1%; რუმინეთი 24.7%; ბულგარეთი 19.5%; აზერბაიჯანი 15%; თურქმენეთი 11.9%; თურქეთი 2.3%; ყაზახეთი 1%.

როდესაც ვსაუბრობთ რუსულ საწვავსა და სანქციებზე, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის შემდეგ არის სანქცირებული “როსნეფტი”. სანქცირებულია კომპანიის ფინანსური ტრანსფერები და აქტივების გარკვეული ნაწილი, თუმცა დღემდე სანქციები არ შეხებია საწვავის კომპონენტს და დღემდე „როსნეტფის“ საწვავი ივაჭრება ევროპაში, აზიაში და შეერთებულ შტატებში. საწვავის სანქცირების შემთხვევაში, მოხდება „როსნეფტის“ ირანიზაცია, ანუ ყველა სავაჭრო აქტორს აეკრძალება მისი პროდუქტის შეძენა.

ევროკავშირის ბაზარზე არსებული რუსული საწვავის წილი ასეთია: გერმანია 35%; საფრანგეთი 32%; იტალია 28%; ბალტიისპირეთი; 44%; ბრიტანეთი 21%.

ასევე, ჯამურად, ევროკავშირის მოხმარებული გაზის 45% არის „გაზპრომი“ (აქაც იგივე შემთხვევაა, სანქცირებულია აქტივები, ფინანსები და არა პროდუქტი). პროცენტულად და რაოდენობრივად საქართველო გაცილებით ნაკლებ რუსულ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები.

თანამედროვე მსოფლიო ვერ და არ რისკავს რუსული საწვავის და გაზის სანქცირებას, რადგან საერთო მოპოვების წილის 34% მოდის რუსეთზე. ირანიზაციის შემთხვევაში, მოხდება ძალიან დიდი დეფიციტი და ამ დეფიციტის აღმოფხვრას (ახალი საბადოების აღმოჩენას, მოპოვებას, გადამუშავებას, სატრანზიტო დერეფნების შექმნას და ა.შ) სჭირდება მინიმუმ 5 წელი.

რა მოხდება საქართველოსთვის, თუ ქვეყანა სრულად უარს იტყვის რუსულ საწვავზე, ან რუსული საწვავი გახდება სანქცირებული:

  1. შეიქმნება საწვავის დეფიციტი. მხოლოდ ევროპულ საწვავს თუ შემოვიტანთ 1 ლიტრის საშუალო ფასი იქნება 6-8 ლარი.

  2. აზერბაიჯანი და თურქმენეთი ჯამურად ვერ შეძლებენ საქართველოს მოთხოვნის 60 % – ის დაკმაყოფილებას და გახდება დეფიციტური. საშუალო ფასი 1 ლიტრი 4-6 ლარი.

  3. არაბეთის ნახევარკუნძულთან არ გვაქვს სატრანსპორტო დერეფანი და მისი იმპორტის ლოგისტიკით, 1 ლიტრის საშუალო ფასი ასცდება 10 ლარს.

თუ მიმდინარე მოვლენების ფონზე სანქციები გაუუქმეს ირანს, ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ირანული საწვავის ფასის და ლოგისტიკური ხარჯების გათვალისწინებით 1 ლიტრის საშუალო ფასი იქნება 2 ლარი“, – წერს ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g