LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები ამოქმედდება დამატებით 25 აგვისტოდან – საკოორდინაციო საბჭო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

1316
fortuna.ge (12)

მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ისევე როგორც, ყველა სხვა დაშვებული სპორტული ღონისძიება.

საბჭომ განიხილა 14 აგვისტოდან დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ვაქცინაციის პროცესი, კლინიკურ სექტორში არსებული ვითარება და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

კვლავ აკრძალულია ფესტივალების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა, ასევე, ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა – ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ. პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რამდენადაცის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი, რომლის თანახმად, ტურისტული კომპანიები, განთავსებისა და კვების ობიექტები სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებენ. უსასყიდლო წვდომა ექნებათ სახელმწიფო სერვისებზე სრულად ვაქცინირებულ გიდებს, კერძოდ – სახელმწიფო მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებსა და საბაგიროებზე.

გარდა ამისა, შრომის ინსპექცია, მუნიციპალური სამსახურების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ჩართულობით საქართველოს მასშტაბით განაგრძობს დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრ კონტროლს.

21-23 აგვისტოს, შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, შემოწმდა 400-ზე მეტი ობიექტი, რომელთაგან 235-მა – წერილობითი, ხოლო 197-მა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. აკრძალული საქმიანობის ფაქტზე დაჯარიმდა 3 ფიზიკური პირი, ხოლო შრომის ინსპექციამ დალუქა 3 ობიექტი. 10-23 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დაჯარიმდა 37 ობიექტი, მათ შორის 21 იურიდიული და 16 ფიზიკური პირი და დაილუქა 16 ობიექტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g