LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვიცით გუდაურში მომხდარზე და რას შეცვლის ტრაგედია – დეტალები, მიზეზები და გამოსავალი

1616
გუდაურიი

გუდაურში დღეს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. უბედურ შემთხვევას ცხრა მსხვერპლი ჰყავს. ერთი უცხოელი პარაპლანისტია, დანარჩენი კი სამაშველო ოპერაციის მონაწილე ეკიპაჟის წევრები.

ტრაგედიის მსხვერპლი გმირები: ცნობილია გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი პირების ვინაობა

რა მოხდა, რა ვიცით და რა ხარვეზები გამოაჩინა მომხდარმა – მივყვეთ ქრონოლოგიურად ტრაგედიის დეტალებს:

პარაპლანი, რომელზეც ქართველი და უცხოელი პარაპლანისტები იმყოფებოდნენ კლდეს დაეჯახა და ხევში ჩავარდა. ჩამოვარდნილების გადასარჩენად ადგილზე შსს-ს ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის წევრები, მაშველები და მედიკოსები. ვერტმფრენმა, რომლითაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულების შესახებ ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც მინისტრმა დაადასტურა, დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი და პარაპლანიდან ჩამოვარდნილი უცხოელი ტურისტი. მასთან ერთად მფრინავი ქართველი პარაპლანისტი/ინსტრუქტორი კი გადარჩა და კლინიკაშია გადაყვანილი.

„ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა – გარდაცვლილია უცხოელი ტურისტიც, რომლის გადასარჩენადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია: ვახტანგ გომელაური

მომხდარის გამო 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გამომწვევი მიზეზები და გამოსავლის გზები:

უბედურმა შემთხვევამ მომხდარის მიზეზებზე დააფიქრა ოფიციალური პირები. ამ საკითხზე საუბრობენ სფეროს სპეციალისტებიც.

პარაპლანით ფრენებზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს, მანამდე კი გარკვეული პერიოდით ფრენები შეჩერდება – ეს არის შს მინისტრისგან შემოთავაზებული გამოსავალი შემთხვევის ადგილიდან. როგორც გომელაური ამბობს, პარაპლანის ჩამოვარდნის ფაქტები ხშირია და მიზეზების შესწავლას ბოლომდე “ჩაყვებიან”.

„თითქმის კვირა არ გავა, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა არ მოხდეს. არის გარდაცვალების ფაქტებიც. უნდა ვიმუშაოთ, რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. პარაპლანების ჩამოვარდნა აქ ხშირად ხდება. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. როგორ გაიცემა ლიცენზია, საინტერესოა ყველაფერი და ამას აუცილებლად ჩავყვებით. ამ დღეების განმავლობაში, ჩემი აზრით, ყველანაირი პარაპლანებით ფრენა უნდა გაჩერდეს და შესწავლების შემდეგ ლიცენზია იმ ადამიანებზე გაიცეს, ვინც ნამდვილად პროფესიონალები არიან“ – განაცხადა მინისტრმა.

„ექსპერტები მუშაობენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. კადრების მიხედვით, რაც ვნახე, უკანა მხარე, თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ, მართვის დაკარგვა იწყება. ეს არ ვიცით, რამ გამოიწვია – შეცდომა იყო, გაუმართაობა, ქარის ბრალი იყო, თუ რაც იყო, ალბათ, ექსპერტიზა გვეტყვის“ – ესეც გომელაურის კომენტარია, ამჯერად ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე.

ქარის ფაქტორს ასახელებს ტრაგედიის მიზეზად პილოტი შამილ ქორთოშიძე. როგორც სპეციალისტი ხსნის, არეალი პატარა იყო, ოპერაციის დროს ქარმა შეიცვალა მიმართულება და ვერტმფრენი კლდეს შეეჯახა.

“ქარის ფაქტორი იყო, ტექნიკა გამართული იყო, ეკიპაჟი საკმაოდ გამოცდილი. ალბათ ქარის ფაქტორი, სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც იყვნენ არეალი იყო პატარა, შეზღუდული ჰქონდა არეალი შვეულმფრენს. სადაც ჩავარდნილი იყო პარაპლანისტი, ამის თავზე დაეკიდნენ და კლდესთან ახლოს იყვნენ. როდესაც უნდა დაეწყოთ სამაშველო ოპერაცია, ჩემის აზრით, ამ დროს შეიცვალა ქარის მიმართულება, ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. შეჯახების შემდეგ ინერციით გადმოაგდო უკან კუდის მხარე, დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა შვეულმფრენის გაჩერებას, დაზიანებული რომ იყო უკვე კუდი, გადატყდა კუდი და გახდა უმართავი.

ზაზა ლორიას 32 წლის გამოცდილება ჰქონდა ფრენის და სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობდა. ეკიპაჟის შეცდომასაც ვერ დავარქმევთ და ვერც ტექნიკის გაუმართაობას. ჩვენს რეგიონში, ჩვენს პირობებში ანალოგი არ გააჩნია, ძლიერი ვერტმფრენია, გამორიცხულია სიძველე ან რესურსის უქონლობა. ყველა აგრეგატის რესურსის ათვლა მიდის ცალ-ცალკე გამორიცხულია გაუმართავი ყოფილიყო. ზაზა ლორია არა მხოლოდ ეკიპაჟის მეთაური იყო, სამმართველოს უფროსის მოადგილე ფრენების დარგში, დიდი გამოცდილება ჰქონდა”, – ამბობს გარდაცვლილი მფრინავების კოლეგა და დასძენს, რომ ზუსტ მიზეზებს კომისია დაადგენს:

“შეიქმნება კომისია, და გამოიძიებს ყველაფერს. არსებობს შავი ყუთი, სადაც იწერება შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრების ერთმანეთთან ლაპარაკი და იქიდან გაირკვევა. სანამ კომისია არ დაასრულებს მუშაობას, ვერავინ იტყვის ზუსტ ინფორმაციას.

 

სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს, სპეციალიზებული სამაშველო ვერტმფრენები შეიძინოს – ტექნიკის განახლების აუცილებლობაზე საგანგებო სიტუაციების მართვის ექსპერტი თემურ გიორგაძე საუბრობს.

“რაც კადრებს ვუყურეთ, რაც ყველამ დაინახა და მეც, უკანა ნაწილი რომ გაძვრა, რაღაც მომხდარია, ან შეჯახება, ან… რასაც ვერ ვხედავთ ჩვენ. ჩვენს გამოცდილ პილოტებს ამ ვერტმფრენით ბევრის სიცოცხლე ჰყავთ გადარჩენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამ ვერტმფრენმა უნდა ახორციელოს საგანგებო სიტუაციების მართვა. არის ვერტმფრენები, რომელიც ამისთვის არის მოწოდებული – აღჭურვილობიდან დაწყებული ნავიგაციებით დამთავრებული. საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენი არის სხვა ტიპის – სხვა სიმძლავრის, მანევრების, მიდგომებით. ჩვენი ქვეყანა რომ ვითარდება ტურისტულად, ამას უნდა უზრუნველყოფა. მთავარია თანხები გამოინახოს და უნდა გამოინახოს აუცილებლად, ამ მიმართულებით თუ არ წავიდა სახელმწიფო, ღმერთმა დაგვიფაროს, ეს კიდევ განმეორდება, კიდევ მოხდება ასეთი ამბავი. საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენები არის სპეციალიზებული აღჭურვილობით და სპეციალური მოდელები, რომლებიც თავის შესასრულებელ დავალებას ასრულებენ. გასაგებია, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ბევრი ადამიანი ჰყავთ გადარჩენილი, ბევრი ოპერაცია წარმატებით შეუსრულებიათ, მაგრამ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს, რომ სპეციალიზებული სამაშველო ვერტმფრენები შეიძინოს. ასეთი რელიეფიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მრავალი ტიპის არსებობს. ამის სპეციალისტები არიან შვეიცარიაში, ავსტრიაში და შეიძლება მათი მოწვევა და ჩამოყალიბება, რა ტიპის ვერტმფრენი და რა ტიპის აღჭურვილობა შეიძლება გვქონდეს საგანგებო სიტუაციებს” – განაცხადა გიორგაძემ.

სტანდარტების დაცვა – ასაფრენი და დასაჯდომი მოედნების, საფრენი ზოლის მოწესრიგება – ამაში ხედავს გამოსავალს პარაგლაიდინგის ინსტრუქტორი და აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამის მოწესრიგებაზე.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერზე საუბარი იწყება მას შემდეგ, რაც მოხდება უბედური შემთხვევა. ამის ირგვლივ ჩვენ ხშირად გვქონდა საუბარი, მომხდარიყო რაღაც ფორმით რეგულაციები, ნორმატივების დაცვა და ჩამოყალიბება. პარაგლაიდინგის, როგორც პროფესიის ტურისტულ ბიზნესში გამოყენებისთვის, ნორმატივების დაცვა უნდა მომხდარიყო. ასეთი ლოკაციები საქართველოში არ არის ბევრი, რამოდენიმეა, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია გუდაური. პარაგლაიდინგი, როგორც სპორტი და როგორც, პროფესია და მისი გამოყენება კომერციულად, სხვადასხვა სფეროა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ აქტივობის სპორტულად განვითარებას წინ უსწრებდა მისი ბიზნესში გამოყენება, არ ყოფილა სპორტულად შესწავლილი. პარალელურად ვითარდებოდა რეგულაციები, ხდებოდა შესწავლა. გუდაური გადაღეჭილია, იმდენია ნაფრენი. თანმიმდევრულად, პროფესიულად და აკადემიურად უნდა მივყვეთ საკითხს და მოხდეს შესწავლა. ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი გასართობი აქტივობაა, ლამაზი სპორტია, მაგრამ ბიზნესში მისი გამოყენებისთვის საჭიროა სტანდარტების დაცვა, როგორიცაა ასაფრენი და დასაჯდომი მოედნების, საფრენი ზოლის მოწესრიგება. სად უნდა იფრინოს პილოტმა? – შენ რომ კომერციულად გამოიყენებ უნდა იფრინო რაღაც ზოლში, სამოქალაქო ავიაციის ნორმატივი არსებობს ამ სფეროს რეგულაციებით, ზეპირად დადგენილი – აქ არ იფრინო, იქ არ იფრინო, ამის იქით არ მომხდარა რეგულაცია. ეს ძალიან შემოსავლიანი აქტივობა და ბიზნესია, ქვეყანას შემოსავალი უნდა. ჩვენ როდესაც მივმართეთ სპორტის სამინისტროს, საავიაციო განხილვები იყო ამაზე – თქვენ ისედაც ფულს აკეთებთ და თქვენით მოიწესრიგეთ თავიო, ეს გვითხრეს. იუსტიციის სამინისტროში გვქონდა შეხვედრა, გუბერნატორის აქტივობით გვქონდა შეხვედრები. ყველამ თავი აგვარიდა. გუდაურის პარაგლაიდინგის პილოტები არიან ძალიან მაგარი, მათ ლიცენზირებაზე და პროფესიონალიზმზე არ დგას საკითხი, საკითხი არის – ზურგის შექცევა ჩვენს მიმართ. ჩვენ როგორ დავფრინავთ: მიხვალ დარეგისტრირდები მცირე მეწარმე, ან გაფორმდები ხელშეკრულებით შპს-სთან და გაქვს უკვე უფლება ეს დაიწყო. ლიცენზირების თემა გაუქმდა ერთი პერიოდი, მაგრამ კანონმდებლობაში წერია, მსგავსი ექსტრემალური აქტივობა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია მოითხოვს ლიცენზირებას. მაგრამ ვინ უნდა იყოს მალიცენზირებელი ორგანო? ლიცენზიების გაცემა და სწავლების უფლება აქვს ყველას – მიკრო მეწარმეს, აიპის, შპს. მაგრამ აკრედიტირებული სასწავლებელი, სილაბუსი, მიმართულება არ არის. ეს არის პრობლემა. ყველაზე მთავარი არის რა, როგორ შეიძლებოდა ამის თავის არიდება – ნორმატივები უნდა დაადგინოს მთის კურორტებმა, მოაწესრიგონ, სარეკრეაციო ზონები გააკეთონ“- პარაგლაიდინგის ინსტრუქტორი ლაშა ჯაპავა.

რა იყო გამომწვევი ზუსტი მიზეზი და რა შეიცვლება კანონმდებლობის დონზე ამას დრო გვიჩვენებს. უკვე მომხდარ შემთხვევაზე კი, შსს-ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

“ფორტუნა” მწუხარებას გამოთქვამს დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

“დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, არა მხოლოდ ჩემს ქმარს ვტირი… შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა” – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მფრინავის მეუღლის პირველი კომენტარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g