LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას თავაზობს სახელმწიფო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებს – ხარვეზები სისტემაში

741
china-psychiatric-hospital

დღის განმავლობაში ადამიანი უამრავ უარყოფით ინფორმაციას იღებს, რომელიც გავლენას ახდენს მის ემოციებსა და ფსიქიკურ მდგრადობაზე. ფსიქიკაზე ამ ფაქტორების გავლენა შემდგომ სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობით გამოიხატება. ფსიქიატრიას ბევრი სიგიჟესთან აიგივებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მდგომარეობათა ფართო სპექტრს მოიცავს, უბრალო ფობიებით (შიშები) დაწყებული, მძიმე ფსიქიკური დარღვევებით (შიზოფრენია, დეპრესია…) დამთავრებული.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აქვს, საქართველოში კი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 78 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული სისტემაში. თუმცა,  სტაციონარული მკურნალობისთვის სახელმწიფოს მხოლოდ 1400 ადგილი აქვს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტების სამკურნალოდ არსებობს, ფსიქიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ბიუჯეტი წელს 24 მილიონი ლარია.

როგორც „ფორტუნას“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა, სახელმწიფო პროგრამა მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალურ ფსიქიატრიას, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა ფარავს ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად ასაკისა და სოციალური სტატუსისა. აქ მთავარია პაციენტმა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას, რადგან მკურნალობა შესაძლებელია პაციენტის ნებართვით. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა ეს ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით ანუ იძულებითი მკურნალობა. თუ პაციენტმა არ მოგვმართა ის რომ ჩვენ ვეძიოთ პაციენტები, ამის არც საერთაშორისო გამოცდილება არსებობს, არც მექანიზმი და არც პროგრამები. აქტიური სკრინინგი  ფსიქიატრიაში არ არსებობს, გარდა დეპრესიაზე სკრინგისა,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ექიმ -ფსიქიატრებთან მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემით მიდიან როგორც პაციენტები, ასევე ყოფილა შემთხვევა ოჯახის წევრს მიუმართავს ექიმისთვის დასახმარებლად.

ექიმი ფსიქიატრი ეკატერინე ბერძენიშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ როგორც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ხარვეზები ამ მიმართულებით საქართველოშიცაა. შესაცვლელია საზოგადოების დამოკიდებულება საკითხის მიმართ. ყველაზე დიდი პრობლემა კი საცხოვრისების არარსებობა. მისივე თქმით, საცხოვრისები ანუ ადგილები, სადაც პაციენტებს არა მკურნალობა, არამედ ცხოვრება სჭირდებათ პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისად, პაციენტებს, რომელსაც ხშირად ოჯახი არ იღებს, სტაციონარში ხანგრძლივად უწევთ დარჩენა, რაც სტაციონარს ტვირთავს არაშესაბამისი დანიშნულებით.

„რაღაც ეტაპზე შესაძლებელია პაციენტს ინტენსიური მედიკამენტური მკურნალობა არ სჭირდებოდეს და სჭირდებოდეს უფრო სოციალური უნარ-ჩვევების დასწავლა თავიდან. ან უარყოფითი უნარ-ჩვევების წარმართვა უჭირთ და ამაში დახმარება სჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში, მათ უფრო მომვლელის ტიპის ადამიანი სჭირდებათ და არა სტაციონარული მკურნალობა. სტაციონარი კი ხშირად მკურნალის და კლინიკის როლს კი არ ასრულებს, არამედ სამწუხაროდ, იზოლატორის როლს. 1400 სტაციონალური საწოლია დღეს ქვეყანაში, რომელიც გადავსებულია ადამიანებით, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ დაბრუნდნენ სახლში და იცხოვრონ საკუთარ ოჯახებში. ამ ადამიანებს დასაბრუნებელი არსად არ აქვთ და ამ 1400 საწოლის ძალიან დიდი  წილი უკავიათ. საცხოვრისები უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ეს 1400 საწოლი თავის ფუნქციას რომ ასრულებდეს და არ იყოს  გადატვირთული ამ ადამიანებით. ასეთ შემთხვევაში ეს ოდენობა იქნებოდა საკმარისი. სტაციონარში ადგილების პრობლემა ყოველთვის იყო,“ – აცხადებს ეკატერინე ბერძენიშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ამის გარდა დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმфრთულებით კიდევ ერთი პრობლემაა – საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ ინფორმაციის ნაკლებობა.

„საზოგადოება არ აღიარებს ასეთ ადამიანებს. სტიგმაა ქვეყანაში ძალიან მაღალი, თვითონ პროფესიონალებშიც. ჰგონიათ, რომ ადამიანი უნდა იყოს გამოკეტილი, რადგან ფსიქიკური პრობლემა აქვს, ამის გამო მიუღებლობა აქვს ოჯახის წევრსაც. დახმარებისთვის დროულად ვერ მიმართავენ თავად პაციენტები ექიმს, რადგან ეშინიათ, ვინმემ რამე იარლიყი არ მიაკეროს. მერე ეს იწევს გაუარესებას ფსიქიკური მდგომარეობის. კარგი იქნება თუ სკოლიდან ისწავლიან ამას. მინიმუმ იმას, როგორ ამოიცნონ ეს და თავად მიმართოს ექიმს. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს, რომ შეიძლება ადამიანი ოდესღაც ცუდად იყოს, მაგრამ დღეს კარგად არის. ფსიქიატრია არ არის სადამსჯელო იარაღი, ეს არის მედიცინის დარგი“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ ეკატერინე ბერძენიშვილმა.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი არის ერთ-ერთი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულება, სადაც ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ.

„ფორტუნასთან“ საუბრისას, ცენტრის დირექტორის მოადგილე ფსიქიატრიის ნაწილში დავით ზურაბაშვილი აცხადებს, რომ ძირითადად პაციენტები თავად მიმართავენ ცენტრს დახმარების თხოვნით. თუმცა, არსებობს, შემთხვევები, როცა პაციენტი ოჯახის წევრს, ახლობელს ან სასწრაფო დახმარების თანამშრომელს მოჰყავს და მოსამართლის გადაწყვეტილებას საჭიროებს, უნებართვო მკურნალობის დასაწყებად.

„მოსამართლეს აქვს უფლება 6 თვემდე მისცეს მაქსიმალური ვადა, მაგრამ თუ პაციენტის მდგომაროება გაუმჯობესდა მოკლე დროში, ჩვენ შეგვიძლია გავწეროთ პაციენტი, მაგრამ მოსასამართლეს ვაფრთხილებთ და ვეუბნებით, რომ ეს პაციენტს უკვე მიგვაჩნია, რომ აღარაა სოციალურად საშიში და ვუშვებთ გარეთ. ვთავაზობთ ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელებას,“ – აღნიშნა დავით ზურაბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები