LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ურჩია 30 წლამდე გათხოვება ბაბი კირკიტაძეს მიშა ცაგარელმა: „ბოტოქსი უკვე მეორედ გამოვიყენე და შედეგით კმაყოფილი ვარ…“

6293
ბაბი

„ღამის შოუს ბენდის“ წევრი და „პოსტივის“ დილის გადაცემის მომხიბვლელი წამყვანი ბაბი კირკიტაძე ახლახან მაყურებელს ახალი ვარცხნილობით გამოეცხადა, რომელშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ტელეწამყვანს დავუსვით კითხვები როგორც თავის მოვლაზე, ასევე ბენდის თუ პირად საზაფხულო გეგმებზე და ეთერში მიშა ცაგარელის სტუმრობაზე, რომელმაც საკმაოდ საინტერესო პირადი რუკა შეუდგინა…

ბაბი, თმა ახლებურად გაგიკეთებია…

ეს არის ერთ-ერთი ვარცხნილობა, რომელიც მოვსინჯეთ ჩვენი ტელევიზიის სტილისტთან ერთად, დილის გადაცემის წინ. ისეთი გამოვიდა, რომ ყველას ძალიან მოეწონა, თანაც, ძალიან პრაქტიკული გამოდგა. დავიტოვე და ვიკეთებ ხოლმე პერიოდულად. ზაფხულის ვარცხნილობაა.

გიყვარს ექსპერიმენტები?

მეშინია. დიდად არ მიყვარს. ვარცხნილობის შეცვლისას მარტივად გამოსწორება შეიძლება, უფრო მარტივად გამომდის, ვიდრე შეჭრა და შეღებვა. ამან კი გაამართლა.

მიშა ცაგარელი რომ გყავდათ სტუმრად, მან გითხრა, რომ გარეგნულად ზოდიაქოთი ლომს ჰგავხარ და არა კირჩხიბს.

გარეგნულად ლომი ხარო. თან, იმ დღეს ვარცხნილობის გამო ფაფარაყრილი ლომივით ვიყავი. შინაგანად მაინც კირჩხიბი ხარო, ასე მითხრა.

გათხოვებაზე საუბრობდით მიშა ცაგარელთან და შენი პირადი რუკიდან რაღაც დეტალები პირდაპირ ეთერში ამოიკითხა. ამან უხერხულობა ხომ არ შეგიქმნა?

არა, არ ვერიდები და არ მაწუხებს ეს ამბავი. პირიქით, ძალიან გავხალისდი ეთერში. ეთერამდე შემხვდა, შემომხედა და მითხრა, ერთი-ორი წელი არ გინდა არაფერიო. დავინტერესდი, რატომ-მეთქი და მიპასუხა, ახლა იფურჩქნები შენ, ამიტომ ჯერ დაიცადეო.

ანუ 2 წელი გათხოვება არ გირჩია?

არა. პირად რუკაშიც ასე აღმოჩნდა, რომ 29-30 წლის შემდეგ გავთხოვდები. ასე რომ, ორ წელიწადში დაიწყე ფიქრი ამ თემაზე, ჯერ არ გინდაო.

გჯერა ასტროლოგიის?

სხვათა შორის, კი, მჯერა ვარსკვლავების წყობის და მათი გავლენის ჩვენზე. ვერ ვიტყვი, რომ სიღრმისეულად ვიცი და მივსდევ, მაგრამ მგონია, რომ კავშირი ცასა და მიწას შორის არსებობს.

კიდევ რა გითხრა მიშამ, რისი გამხელაც ჩვენთვის შეგიძლია?

პირადი რუკის დეტალურად განხილვა ყოფილა აუცილებელი, მე კი მას მერე ბატონი მიშა აღარ მინახავს, მითხრა, რომ ძლიერი გოგო ვარ და საინტერესო რუკა მაქვს, მნიშვნელოვანი მისიით ხარ მოსული ამ ქვეყნადო… ჯერ არ ვიცი, რა არის ეს მისია. რუკას რომ გავშიფრავთ ბოლომდე, მერე გეტყვით…

ბავშვობიდან ასეთი პრანჭია იყავი?

პრინციპში, ვიყავი. ახლა უცებ გამახსენდა – ზაფხულობით ზესტაფონში ბებიასთან რომ ჩავდიოდი, მას საოცარი გარდერობი ჰქონდა, თავისი სამკაულებით, მძივებით და ამ ყველაფერს ავისხამდი ხოლმე, ვისვამდი მის ფერუმარილს. ჩემი ბიძაშვილები სულ მეჩხუბებოდნენ, ჯერ პატარა ხარ, რად გინდაო, ერთხელ სახეზე ტუჩსაცხიც კი გადამიზილეს. როგორც ჩანს, მაკიაჟი ბავშვობიდან მყვარებია, თუმცა ახლა მიყვარს უმაკიაჟოდ სიარული იმ შემთხვევაში, როდესაც კანი მაძლევს ამის საშუალებას. კანს უნდა მოვლა და გამოძინება, რაც მე მაკლია. მთელი რუტინა უნდა იმისთვის, რომ კარგ ფორმაში იყოს, ამიტომ ყოველდღიურად მსუბუქ მაკიაჟს მაინც ვიკეთებ, თუკი ეთერი მაქვს, ესეც იცით, სატელევიზიო მაკიაჟი რამდენ ფენას იტევს. ზოგადად, მიყვარს უმაკიაჟოდ სიარული, მაგრამ ხშირად არ გამომდის. გინდა თუ არა, სატელევიზიო მაკიაჟი კანს აფუჭებს, რეჟიმიც ხელს მიწყობს, რომ კანი ისე ჯანსაღად არ გამოიყურებოდეს, თუმცა ამ ბოლო დროს დავიწყე საცხების მოხმარება, რომლებიც აშკარად სჭირდებოდა ჩემს კანს.

კოსმეტოლოგს თუ სტუმრობ და ინიექციებისთვის თუ მიგიმართავს?

გაწმენდისთვის არასდროს მიმიმართავს, მაგრამ გავიკეთე ბოტოქსი, პირველად ექვსი თვის წინ – გაგონილი მქონდა, რომ შაკიკს შველოდა. ინდივიდუალური ყოფილა, მაგრამ მე მიშველა. გააჩნია, რა სიხშირით გაქვს, თვეში ორჯერ მაქვავებდა ტკივილები. ბოტოქსით შუბლამდე ამოდიხარ და შუბლზეც იკეთებ, აღმოჩნდა, რომ გარეგნული ეფექტიც კარგი აქვს, მომეწონა და ახლა უკვე მეორედ გავიკეთე. სხვა ინიექციებისთვის არ მიმიმართავს. ერთადერთი, რაც ვისწავლე ისაა, რომ მაკიაჟი საფუძვლიანად უნდა ჩამოვირეცხო. ბოტოქსის გაკეთების შემდეგ მეუბნებოდნენ, რატომ გაიკეტე შენს ასაკშიო. რა ვქნა, დამჭირდა ამ ასაკში, ხომ უნდა მივხედო თავს…

ჯანსაღი კვება და შენ…

ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ვცდილობ, მაგრამ ნაკლებად გამომდის რეჟიმიდან გამომდინარე. სხვათა შორის, ორი დღეა, რაც რაციონიდან შაქარი ამოვიღე და ძალიან მიხარია. ახლა რაღაცნაირად ვცდილობ, რომ დავარეგულირო ჩემი მენიუ, რაც მერე ფიზიკურადაც გეტყობა ადამიანს.

ძილს ვერ ახერხებ ჯეროვნად, ალბათ, შენი რეჟიმიდან გამომდინარე…

სამწუხაროდ, ვერა. ახლა მივემგზავრებით ბათუმში კონცერტის ჩასატარებლად, დღესვე უკან უნდა დავბრუნდეთ და შემდეგ დილიდან გადაღებაზე მივიდეთ. ოთხი-ხუთი საათია მაქსიმუმ, როცა დაძინება შეგვიძლია.

ბენდს როგორი დატვირთული ზაფხული აქვს?

უკვე ძალიან დატვირთულები ვართ, ახლა კორპორაციული საღამოებია და საგიჟეთია, მთელ საქართველოში დავდივართ. ეს ძალიან დამღლელია, მაგრამ ძალიან კარგია, ადამიანების სიყვარულს ვიღებთ დიდი დოზით და ეს ნამდვილად გვიღირს.

თქვენზე ამბობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბენდი ხართ საქართველოში და მართალია?

(იცინის) მართალია? არ ვიცი, ეს გელასთან გადავამოწმოთ, ფინანსები ჩემი მხარე არ არის. ზაფხულში, ივლისიდან, ჩვენი ბენდი ბათუმისკენ გადაინაცვლებს, 9 ივლისიდან ღია კონცერტები გაიმართება, შაბათობით, ჩვენი ექსკლუზივი აქვს „მონოჰოლს“, მხოლოდ აქ იქნება ჩვენი მოსმენა შესაძლებელი.

კომენტარებში ხშირად განიხილავენ შენი და თათას ჩაცმულობას…

სხვათა შორის, პერიოდულად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დიზაინერთან. მეტ-ნაკლებად ითვალისწინებენ ჩვენს ინტერესს. არის ხოლმე ზოგჯერ კმაყოფილება, ზოგჯერ უკმაყოფილება ჩვენს ჩაცმულობასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას ჩვენი სამოსი ვერ მოეწონება. ზოგჯერ თავს კომფორტულად ვგრძნობთ, ზოგჯერ არცთუ ისე, მაგრამ ვცდილობთ, კარგად გამოვიყურებოდეთ.

შენი პირადი საზაფხულო გეგმა როგორია?

დასვენების შესახებ თუ მეკითხები, გამორიცხულია. ჩვენი დასვენება ზაფხულში მეხუთე წელია, არ არსებობს. ივლისი ბოლომდე სატელევიზიო სეზონია, პარალელურად კონცერტები ბათუმში, აგვისტოში კი ბენდს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. დასვენებას ვერც სექტემბერში ვერ მოვახერხებთ, ბათუმიდან პირდაპირ თბილისში და „იმედში“ გადმოვინაცვლებთ. დასვენება როდის უნდა მოვახერხოთ, არ ვიცი…

რა რთული ცხოვრება გქონია…

საკმაოდ (იცინის). რომ ამბობენ, თქვენ რა გენაღვლებათო, ჩვენ გვენაღვლება ძალიან. ბათუმში რომ ჩავდივართ, ზღვას შორიდან ვუყურებთ ხოლმე, ხან რეპეტიციაა გასავლელი, ხან მოსამზადებელი ვარ, იმდენი ხანია, ზღვაში არ გამიცურავს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g