პირდაპირ გეუბნებით, თუ ეყოფა გამბედაობა, თვითონ თქვას დაპირისპირების მიზეზი, მე არ ვაპირებ, – ამის შესახებ მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიორგი შარაშიძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი შარაშიძის თქმით, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება თავად დაიწყო.
„კი, ფიზიკურად დავუპირისპირდი, იმედი მაქვს თვითონ ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის რაზე დაიწყო დაპირისპირება… მე დავიწყე დაპირისპირება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას 2 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
„კითხვები ეხებოდა იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა აფთიაქში, 2 იანვარს. სიტუაცია იყო ასეთი – გიორგი შევიდა ჯერ მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად თავისი სახლის წინ, შემდეგ იქვე მდებარე აფთიაქში, სადაც ვანო მერაბიშვილი შენიშნა, ამ დროს აფთიაქის ტერიტორიაზე ერთი ქალბატონი იმყოფებოდაო. ის ამ დროს ტელეფონზე საუბრობდა, ბიძისთვის წამლების შეძენა უნდოდა.
გიორგიმ დააზუსტა ვანო მერაბიშვილი ხარო? და მან კიო, დაუდასტურა, როგორც აღმოჩნდა გიორგი და ბუტა რობაქიძე ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ და მან გაახსენა, რომ ბუტას მეგობარი ვარო და ჰკითხა, თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზედაც ვანო მერაბიშვილის პასუხი იყო – რაღა დროს ბუტააო. ამაზე გაღიზიანებულმა გიორგიმ მას მოუქნია ხელი.
რამდენიმე ხელის მოქნევის დროს კონკრეტულად სხეულის რა ნაწილში მოხვდა ვანო მერაბიშვილს, ამ დეტალებს ეკითხებოდა გიორგის გამოძიება. გიორგიმ ეს დეტალი ვერ გაიხსენა. შემდეგ მერაბიშვილი გაქცეულა, ამ დროს გიორგი შარაშიძეს წიხლი მოუქნევია, ალბათ კამერებში გამოჩნდება ყველაფერი. გიორგი ამბობს, რომ მერაბიშვილს არ გაკიდებია, როდესაც მანქანას მიუახლოვდა მერაბიშვილი საჭესთან დაჯდა და წავიდაო.
რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დაზიანება აქვს მიყენებული ვანო მერაბიშვილს, ან აქვს თუ არა საერთოდ დაზიანება. ვანო მერაბიშვილი, როგორც მე ვიცი, გამოკითხვაზე დაბარებულია და თუ ის იტყვი, რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, გამოძიება 126-ე მუხლით გაგრძელდება. თუ ის იტყვის, რომ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, რეალურად, უკვე დანაშაულის ნიშნები აღარ იქნება,”- განაცხადა გიორგი შარაშიძის ადვოკატმა.
ვანო მერაბიშვილის ცემის საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გიორგი შარაშიძემ დღეს უპასუხა.
გამოკითხვაზე დაბარებულია ვანო მერაბიშვილიც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქის მთავარ სამმართველოში მისვლაზე უარს აცხადებს.