ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წლის პირველი კვარტლიდან დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. როგორც ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა, 2022 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რა თქმა უნდა, აისახა დასაქმების და ნომინალური საშუალო თვიური ხელფასის გაუმჯობესებაზე.

მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში, ყველა კვარტალში ფიქსირდებოდა საშუალო თვიური ხელფასის ზრდა, თუმცა, ამ კუთხით გამორჩეულია 2022 წლის მეოთხე კვარტალი, როცა ხელფასების 21 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და საშუალო ხელფასმა 1773 ლარი შეადგინა.

“განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ რეალური ხელფასის ზრდა, ინფლაციის ეფექტის გამორიცხვით, დაახლოებით 10 პროცენტია, რაც, მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი და მათი მსყიდველუნარიანობა იზრდება”, – განაცხადა ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და შესაბამისად, ის ტენდენციები, რაც ეკონომიკაში ფიქსირდება, პოზიტიურად აისახება თითოეულ მოქალაქეზე.

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები