თაკო ჩხეიძე დემნა გვასალიას წლებია იცნობს. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც დემნა უკვე წარმატებით მუშაობდა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში, კერძოდ კი, „მარჯიელასთვის“.
2010 წელს ის თბილისის მოდის კვირეულის პირველ სეზონს სტუმრობდა, სადაც პერფორმანსი წარადგინა, რადგან ჩვენების გამართვის უფლება „მარჯიელასგან“ არ ჰქონდა. შემდეგ ის კიდევ ეწვია საქართველოს და თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსის ჟიურის წევრი გახლდათ.
მას შემდეგ, რაც მისი ბრენდი „ვეტმანი“ პოპულარული გახდა, თავად კი „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, დემნა საქართველოში აღარ ყოფილა, თუმცა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, რომელიც ხშირად გამხდარა მისთვის შთაგონების წყარო.
თაკო ჩხეიძე ახლა თავად სტუმრობს გვასალიას, როცა მას ჩვენებები აქვს. მცირე ხნის წინ ის პარიზში იმყოფებოდა, სადაც „ვეტმანის“ კოლექციის წარდგენას დაესწრო…
თაკო ჩხეიძე:
დემნასთან მაკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთობა. 2010 წელს, როდესაც პირველი მოდის კვირეული გავმართეთ, მოვიწვიეთ, ის მაშინ „მარჯიელას“ სახლში მუშაობდა და იყო ძალიან წარმატებული ადამიანი. თბილისის მოდის კვირეულზე ვიწვევდით ყველა წარმატებულ ქართველს და პირველი გახლდათ დემნა. მან გამართა ძალიან ლამაზი წარმოდგენა, რადგან „მარჯიელას“ სახლის წარმომადგენელი იყო და არ ჰქონდა ჩვენების გამართვის უფლება. შემდგომ კიდევ გვეწვია, როცა ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსის ჟიურის წევრი იყო.
აღარ მოვყვები მისი წარმატებების შესახებ, რომლებიც თავისივე ბრენდს „ვეტმანს“ და „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორობას უკავშირდება… მის ჩვენებებს სულ ვესწრებით ხოლმე. ჩვენებაზე, რომელიც საქართველოს მიუძღვნა, 18 ქართველი მონაწილე ჰყავდა მიწვეული. დემნამ თავისი დიზაინერების ჯგუფი გამოუშვა, გასულ მარტში ჩავატარეთ დიდი კასტინგი, ჩვენი სააგენტოთი დაწყებული ქუჩის კასტინგით დასრულებული. მათ ძალიან ბევრი შთაგონება, ინსპირაცია მოაგროვეს, რაც მოგვიანებით კოლექციაში ვიხილეთ. ახლანდელ ჩვენებაზე „ჯეომოდელსის“ სამი მოდელი გამოიყვანა. გვიხარია, რომ ასე გულშემატკივრობს საქართველოს და მიჰყავს ქართველი მოდელები, რაც ბავშვებისთვის დიდი სტიმულია, სიხარულია მასთან ურთიერთობა და ჩვენებაზე გამოსვლა.
როგორი ადამიანია დემნა პირად ურთიერთობაში?
ძალიან თავმდაბალი და უშუალოა, რაც არაერთხელ აღმინიშნავს. ეს თვისებები კიდევ ერთხელ მატებს გამორჩეულობას.
ქართულ მოდას ადევნებს თვალს, გისაუბრიათ ამ თემაზე?
რა თქმა უნდა. ძალიან უნდა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში. იცით, რომ ძალიან რთული გრაფიკი აქვს და როგორც კი გამოუჩნდება თავისუფალი დრო, აპირებს ეწვიოს საქართველოს. მეტს ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე.
ბოლო წლებში ყოფილა საქართველოში?
არა.
ქართულ მოდაზე რას ფიქრობს?
ძალიან უხარია, რომ საქართველოს მიმართ, მოდას ვგულისხმობ, დიდი ინტერესია. ბევრი რამ იწერება ქართველი დიზაინერების შესახებ. რა თქმა უნდა, ამაში მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი…
ამას თავად აცნობიერებს?
არა, ვერ აცნობიერებს (იღიმის). ჩვენ რომ დავიწყეთ მოდის კვირეული, სულ რამდენიმე დიზაინერი მუშაობდა, ახლა კი სხვა სიტუაციაა. საერთაშორისო პრესა ჩამოდის და ფართოდ აშუქებენ. დემნა ყველაფერს კითხულობს და ყველაფრის საქმის კურსშია, გულშემატკივრობს ქართულ მოდას და ახარებს მისი წარმატებები.
პარიზში, მუზეუმში გამართულ ჩვენებას დავუბრუნდეთ, ცოტა იუმორისტული, იმავდროულად საინტერესო კოლექცია გამოვიდა…
ეს იყო „ვეტმანის“ კოლექცია მამაკაცებისა და ქალებისთვის. მე არ ვარ მოდის კრიტიკოსი, რომ ანალიზი შემოგთავაზოთ, ჩემს აზრს გეტყვით. მისი ყოველი ჩვენება შეიცავს კონკრეტულ მესიჯს. წინა ჩვენება ეძღვნებოდა საქართველოს და აქ გატარებული წლების გავლენა და სიყვარული ჩანდა თავისი ქვეყნისადმი. ახლანდელი კოლექციის ინსპირაცია იყო ინტერნეტის შავ-ბნელი მხარეები, რომელთანაც, საბედნიეროდ, ჩვენ წვდომა არ გვაქვს. საუბრისას მითხრა, რომ ბევრი დრო დასჭირდათ ამ კოლექციის კონცეფციის შესაქმნელად. ჰაკერებთანაც ჰქონდათ ურთიერთობა და მოისმინეს ბევრი ინფორმაცია, რა ხდება ინტერნეტში, ნათელი მხარის მიღმა. მთელი ჩვენება დაუთმო ამ თემას. ადგილი ძალიან ორიგინალურად იყო შერჩეული, მუზეუმი. მოსაწვევით დაწყებული, ყველაფერი კრეატიული იყო. როცა დემნასგან მოსაწვევს იღებ, იწყებ ფიქრს, რას ეძღვნება კოლექცია, რადგან მოსაწვევი გაძლევს მინიშნებას. დემნა გვასალიას ჩვენებას ესწრებოდა გავლენიანი პრესა და უამრავი ცნობილი ადამიანი.
უნდა აღვნიშნო, რომ მის ძმას გურამს ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. „ვეტმანი“ სწორედ ძმასთან ერთად დააარსა. გურამი ჭკვიანი ადამიანია, ძმებს კარგი ტანდემი აქვთ, ერთი კრეატივშია, მეორე კომპანიას მართავს.
და ვიცით, რომ გურამი ამ კუთხით ნოვატორული იდეებით გამოირჩევა…
დიახ, როგორც ვიცი, რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რამდენიმე ენა იცის, კარგად უძღვება კომპანიას.
საქართველოსადმი დემნა გვასალიას ნოსტალგია ყველაფერში იგრძნობა…
როცა ჩავდივართ, სულ საქართველოზე გველაპარაკება, ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა. ყოველთვის ჩავდივართ ქართული ნობათით, რაც ძალიან ახარებს. დავპირდი, რომ შემდეგში აუცილებლად მოვუმზადებ ქართულ ვახშამს. უყვარს ქართული სამზარეულო. მას საქართველოში ცუდ დროს მოუწია ცხოვრებამ. მისი წარმოდგენა და მოგონებებიც ბევრ ნეგატიურ რამეს უკავშირდება… როცა ვუყვებით, როგორ მიდის წინ ქვეყანა, უხარია… იცის, რომ ბევრად განსხვავებული დროა, ახალგაზრდებიც სხვანაირები არიან, არტი იქნება, მოდა თუ კულტურა ზოგადად, ბევრი სიახლეა. საქართველო ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, რაც მოდის ინდუსტრიის დამსახურებაც არის და ბევრი სხვა რამისაც. მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ქართული მოდისადმი ასეთი ინტერესი დემნა გვასალიას დამსახურებაა. საერთაშორისო პრესა ჩადის დემნას ქვეყანაში, აინტერესებთ, საიდან არის ის და კიდევ თუ არიან ასეთი ნიჭიერი ადამიანები საქართველოში (იღიმის).
ნინო მურღულია