გადაცემის ლაივი LIVE

შესაძლებელია თუ არა სიგარეტისთვის თავის  დანებება მარტივად, შეუქმნის თუ არა ეს დამატებით სტრესს მწეველს, არის თუ არა ელექტორნული სიგარეტი თამბაქოს ალტერნატივა და რეალურად, რა დაავდებების განვითარებას უწყობს ხელს მოწევა. გარდა ამისა, არის თუ არა მარიხუანა „უსაფრთხო მოსაწევი“ და რეალურია თუ არა ინფორმაცია მისი სამკურნალო თვისებების შესახებ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-კარდიოლოგმა გიორგი კაპანაძემ ისაუბრა. მან ცოტა ხნის წინ შექმნა მოწევის შეწყვეტის  და პრევენციის ცენტრი, რომელიც კლინიკა „ჰელსიკორის“ ბაზაზე გაიხსნა.

რა სახის დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს მოწევა?

უამრავი დაავადებაა, რომელსაც უშუალოდ მოწევა იწვევს. მსოფლიომ განგაშის ზარი უკვე დიდი ხანია შემოკრა მოწევასთან დაკავშირებით. ეს ახალი კანონიც დიდ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაში. მე მოქმედი კარდიოლოგი ვარ, რამდენიმე კლინიკაში ვმუშაობ. ერთ-ერთ დღეს კარდიოლოგიურ ინტენსიურ თერაპიას ცხრა პაციენტი გადიოდა, აქედან 4 პაციენტი სწორედ იმიტომ იყო იქ, რომ ისინი თავის დროზე ეწეოდნენ სიგარეტს. სიგარეტის მოწევა იწვევს სასუნქთი სისტემის უმძიმეს დაავადებებს, გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის პრობლემებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს და ა.შ. რომ არა თამბაქო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ავად არ იქნებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მწეველია მოსახლეობის 33%, ფილტვის სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს შორის 80-85% არის მწეველი. პასიური მწეველებიც ხშირად გამხდარან ფილტვის კიბოს მსხვერპლნი. მაგალითად, ცნობილია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა გოგონა დაავადდა ფილტვის კიბოთი, რომელიც ბარში მიმტანი იყო. იშემიური დაავადება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის სისმსივნე – პირდაპირ კავშირშია მოწევასთან.

არის რამდენიმე მოსაზრება სიგარეტისთვის თავის დანებებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ღერების შემცირებით დავიწყოთ და ამ გზით ვთქვათ უარი მოწევაზე, რომელი ვარიანტია უფრო მისაღები?

ძალიან ხშირად მიწევს ამ საკითხზე მუშაობა. ჩემი პირადი გამოცდილებით, ნელ-ნელა დანებებას დაბალი ეფექტი აქვს. უმჯობესია მყისიერად დაანებოთ თავი. რა თქმა უნდა უკეთესია, როდესაც იმდენს აღარ ეწევა, რამდენსაც ეწეოდა, მაგრამ არ არის ეფექტური. ძალიან იშვიათად, რომ ადამიანი ასე ნელ-ნელა სრულ შეწყვეტამდე მისულიყო.

პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ანებებენ თავს და წლების შემდეგ ისევ იწყებენ მოწევას…

აქ მთავარი ურჩხული არის ნიკოტინი. ის ნეიროტოქსიკური ნივთიერებაა და პირდაპირ იწვევს აბსტინეციას როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქიკურს. ადამიანს უჩნდება მოთხოვნა ნიკოტინზე, ჩნდება შიმშილი ნიკოტინის მიმართ. ნიკოტინის შიმშილი არ ეწყება ადამიანს, ვისაც ის არ მიუღია. როდესაც ადამიანი იწყებს მოწევას, ამბობს, რომ ეს რა არის, როდესაც მომინდება მაშინ დავანებებ, აი სუფრაზე მოვწევ, ნადირობისას მოვწევ და ასე იწყებს ადამიანი მოწევას. ჩვენ გაგვიგია ნარკოტიკების შესახებ, რომ თუ ერთხელ გავსინჯეთ, თავს ვეღარ დავანებებთ, სიგარეტზე კი ადამიანს მცდარი შეხედულება აქვს და მალე ის ხდება დამოკიდებული. რაც შეეხება შემდგომ დაწყებას – ერთხელ თუ დავანებე,  კიდევ დავანებებ – ეს დამოკიდებულება აქვთ. ნიკოტინი ეხმარება სტრესის დაძლევაში ადამიანს, მაგრამ სტრესს თავად ნიკოტინი იწვევს. ჩვენ ნიკოტინის გარეშე დავიბადეთ, ნიკოტინი არ არის ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. მწეველებში შიმშილი უკვე რთული სამართავია. ყველა იმ ადამიანს, ვინც სიგარეტს თავი დაანება, მინდა გმირი ვუწოდო, რადგან ეს ძალიან რთულია. არ არსებობს მწეველი, რომელმაც მოინდომა და თავი ვერ დაანება, არ აქვს მნიშვნელობა 20 წელი ეწეოდა თუ 50.

რა რეკომენდაციებს მისცემთ იმ ადამიანებს, ვისაც სურს პირველი ნაბიჯები გადადგან?

პირველი – აუცილებელია მყისიერი თავის დანებება, კარგი იქნება თუ თავის დანებების დღეს სწორად შეარჩევთ. თუ იცით, რომ ზეგ კლუბში მიდიხართ, ხვალ არ დაანებოთ. მეორე – გარემო.  მნიშვნელოვანია პირველი რამდენიმე კვირა, მოერიდეთ ისეთ ადგილებში ყოფნას, სადაც მაღალი რისკია იმისა, რომ მოწევა გააგრძელოთ. ახალ კანონს ძალიან დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია. მესამე – ალკოჰოლს დიდი მაცდუნებელი ძალა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ნიკოტინის შიმშილი გამოიხატება თავის ტკივილში, უძილობასა და დეპრესიაში, მიმართეთ ექიმს, რომელიც დამატებით რეკომენდაციებს გაგიწევთ.

გადაცემის წამყვანი ნატა ხარაშვილი და ექიმი გიორგი კაპანაძე

არსებობს თუ არა რაიმე დამხმარე მედიკამენტი ამ დროს და რა პროცესებს უწყობს ხელს?

დიახ, ეს არის ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია. ნიკოტინის შიმშილს ადამიანი სხვადასხვა საღეჭი რეზინით, პლასტირით, სპრეით იკლავს. ამას თავისი ეფექტები აქვს. პრეპარატები უსაფრთხოა, რისკზე მეტი სარგებელი მოაქვს. არის ასევე ცენტრალური ნიკოტინის რეცეპტორების ანტაგონისტი ნივთიერება, ვარენიკლინი. მისი დალევა გარკვეული დოზებით ხდება და ადამიანი მოწევას შიმშილის გარეშე ანებებს თავს. არ არსებობს საშუალება, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა. მთავარი არის მოტივაცია. ეს საშუალებები უბრალოდ ამსუბუქებს სტრესებს. ჩანაცვლებითი თერაპია არ უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება. უნდა მოხდეს დოზების კორეგირება და უმტკივნეულოდ თავის დანებება.

ელექტრო სიგარეტი – რამდენად უსაფრთხოა ის?

ელექტრო სიგარეტი შეიცავს კარცეროგენებს. მასშიც ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპიის პრინციპია და ამიტომ შიმშილს აღარ განიცდის ადამიანი. აღმოჩნდა, რომ აეროზოლები არ არის უსაფრთხო. არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ელექტრო სიგარეტი არ იწვევს ამა თუ იმ დაავადებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2008 წელს პირდაპირ მოუწოდა მწარმოებლებს, რომ სიტყვა უსაფრთხო ამოეღოთ ელექტროსიგარეტთან მიმართებაში, რადგან ის არ არის უსაფრთხო.

რას იტყვით მწეველ ექიმებზე?

მე მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანი ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში მუშაოობს, მას ქურქი არ უნდა ეცვას. როდესაც პაციენტთან ვმუშაობ და ვუხსნი, რომ არ უნდა მოწიოს, აქვს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადება, ან ფილტვის პრობლემა და ა.შ. ამ დროს მეუბნებიან, რომ ექიმებიც ხომ ეწევიან. სადღაც ნამდვილად არსებობს 95 წლის მიშა ბაბუა, რომელიც მთელი ცხოვრება ეწეოდა და ახლაც ჯანმრთელია. მაგრამ, თუ ჩვენ რისკებს, ციფრებს გავითვალისწინებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მოწევით დიდი რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს ჯანმრთელობას.

მარიხუანაზე მინდა ვისაუბროთ, ძალიან ბევრი მითი ვრცელდება. პირველი არის ის, რომ მარიხუანა უსაფრთხოა, არ იწვევს დამოკიდებულებას და ონკოლოგიურ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება…

ამბობენ, რომ შოზოფრენიის მქონე ადამიანებს შველის, მაგრამ ჩვენ ხომ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებზე ვსაუბრობთ. მარტივად გეტყვით, მარიხუანა არ არის უსაფრთხო, შეიცავს უამრავ საფრთხეს, ისევე როგორც სიგარეტი და ალკოჰოლი. მარიხუანასაც აქვს გამონაბოლქვი, იზრდება დაავადებებების რისკი. არიან ადამიანები, რომლებსაც ადვილად გადააქვთ, მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც ერთჯერადი მოხმარების შემდეგ მძიმე ფსიკიკური მდგომარეობა გამოვლინდა, ჩნდება ფსიქოზი, შიზოფრენია. ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. ვიღაც სვამს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და არ ემართება ღვიძლის დაავადება. მარიხუანა იწვევს კონცენტრაციის უნარის დაკარგავს, ძილის დარღვევებს, რაც თავისთავად ძალიან მძიმე შედეგებს განაპირობებს. ის, რომ მარიხუანა კარგია, ეს არის აბსურდი. ის საშიში ნარკოტიკია, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ასევე არ არის კარგი ალკოჰოლი. ეს ადამიანის არჩევანია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მარიხუანის გამო ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს. თუმცა, ჩვენ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ. არანაირად არ მაქვს სურვილი, როგორც მამას, რომ ჩემმა შვილებმა ერთხელ მაინც გასინჯონ მარიხუანა. მე მაქვს შიში იმისა, რომ ამან მათ ფსიკიკაში შესაძლოა შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, შეიძლება არც გამოიწვიოს, მაგრამ როგორც ექიმი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მარიხუანა არ არის უსაფრთხო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

კატეგორიები: ინტერვიუ რჩევები

მსგავსი თემები