პიარის სპეციალისტი, ნინა პერტენავა წონის მომატებასა და კლებასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას ვრცელი სტატუსის საშუალებით გვიზიარებს:
„ვინაიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი დამედგინა ჩემი ზედმეტი წონის მიზეზები, აქ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, რომ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აიცილოთ თავიდან. ნებისმიერ წონის მატებას აქვს თავისი მიზეზი, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მიზეზის დროულად აღმოჩენა, ნორმალურ მდგომარეობაში ჩვენი ორგანიზმი ძალიან ბრძენია და ის ბუნებრივად ასტაბილურებს წონას გარკვეული ჰორმონების გამომუშავებით. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო 4 ათეული წლის განმავლობაში, თუმცა ერთ-ერთი გამოკვლევის დროს აღმომაჩნდა ჰიპოთერიოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, რაც ძალიან ხშირად გვხვდება საქართველოში), დამჭირდა ოპერაცია, რის შემდეგადაც სრულიად დამერღვა მეტაბოლიზმი და ამერია ჰორმონალური ფონი. ამიტომ მე დამჭირდა:
- თიროიდული ჰორმონის მიღება, რამელიც პასუხისმგებელია ყველა სასიცოცხლო პროცესზე.
- ინსულინის დონის რეგულირება ( ინსულინრეზისტენტობა განვითარდა ოპერაციის შემდეგ). ინსულინის მაღალი დონე სისხლში ძალიან სახიფათოა, პირველ რიგში, ის ხელს უშლის წონის კლებას, კეტავს ცხიმის დეპოს და რამდენიც გინდა, იყავი დიეტაზე ან ივარჯიშე. გარდა ამისა, უჯრედებს არ მიეწოდება საწვავი – გლუკოზა და ცალკე ეს გაცლის ძალას, რომ დაიწყო ვარჯიში.
- მქონდა კორტიზოლის მაღალი დონე, ეს სტრესის ჰორმონია, ასევე უშლის ხელს წონაში კლებას და ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის. აქ მიშველა მედიტაციამ და ცურვამ.
- პროგესტერონის და ესტროგენის ბალანსი – ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონებია ქალებისთვის და მათი დისბალანსი იწვევს კანის დაბერებას, ცხიმის ქსოვილის ზრდას, ხასიათის ცვალებადობას, დეპრესიას, უძილობას.
- ლეპტინი – ეს ის ჰორმონია, რომელიც ტვინს ამცნობს, რომ ბევრი ცხიმის მარაგებია ორგანიზმში და უნდა დათრგუნოს მადა.
- გრელინის დონის რეგულირება, გრელინი კი ის ჰორმონია, რომელიც გვაშიებს და სულ რაღაც გემრიელობის მირთმევას გვთხოვს.
- მელატონინი – ყველაზე ჯადოსნური დამხმარე, ძილის დროს მკურნალობს ჩვენს ორგანიზმს. ძილი კი აუცილებელია წონის კლებისთვის.
- პრობიოტიკები, ჰეპატოპროტექტორები, კვებითი დანამატები. აქ დიდი ჩამონათვალია, მაგრამ ყველა საჭიროა.
- 2-კვირიანი სპეციალური ინსულინრეზისტენტულობისგან თავის დასახსნელი დიეტა, რომლის შემდეგაც სწორი კვების პრინციპების დაცვა დიდი დროის განმავლობაში ნარჩუნდება და ჩემს შემთხვევაში მთელი ცხოვრება მინდა, ამ რეჟიმზე ვიყო.
- ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში – ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პრობლემას ძალიან აადვილებს, თუმცა კვების დაცვა აუცილებელია, თორემ მეტი წონის აკრეფაც შესაძლებელია ამ დროს.
ამ ყველაფრის გასარკვევად მე რამდენიმე წელი დამჭირდა, სრულიად გავინადგურე ნებისყოფა და მოტივაცია, თუმცა ახლა ძალიან მშვიდად და შემართებით შევუდექი გზას. ცოდნა ძალაა! სამწუხაროა, რომ დიაგნოზის დასმისას არ უყურებენ სრულ სურათს და ფაზლივით მე თვითონ დამჭირდა ყველა პუნქტის შეკოწიწება. თუ რამეში შემიძლია დაგიდგეთ გვერდში და დაგაკვალიანოთ – ვიქნები მოხარული“.