მაია ჯაბუამ ახლახან ანრი ჯოხაძის კონცერტში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავისი სავიზიტო ბარათი „საყვარელო მამულო“ შეასრულა, „რუსთავი 2“-ზე კი რუსა მორჩილაძის ბენეფისს თავისი „ტანგოს“ ახალი ვერსიით დაამშვენებს.
მაია ჯაბუა fortuna.ge-ს ესაუბრა შოუბიზნესის, ცნობილი სიმღერებისა და ქალიშვილის, ლიზას შესახებ, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს…
მაია, ახლახან „რუსთავი 2“-ზე რუსა მორჩილაძის ბენეფისში მიიღეთ მონაწილეობა, სადაც ძველი სიმღერა „ტანგო“ ახლებურად გააცოცხლეთ…
ეს ვერსია შარშან თბილისობისთვის გაკეთდა. სხვადასხვა პერიოდის მუსიკა იყო წარმოდგენილი და ეს სიმღერა ერთ-ერთ პერიოდს ასახავდა. რუსამ „ტანგო“ დიდი ხნის წინ მაჩუქა ჩემი სოლოკონცერტისთვის. მასზე კლიპი, სამწუხაროდ, არ გადამიღია, მხოლოდ საკონცერტო ნომერი იყო, მაგრამ ძალიან კარგად დადგმული და ლამაზი.
ხომ არ აპირებთ მასზე კლიპის გადაღებას ახლა?
მაშინაც კი არ იყო კლიპის გადაღება მარტივი, ახლაც დიდ თანხებს უკავშირდება. გადაცემაში სტუმრობისას ახალი ვერსია უკვე შევასრულე, თუმცა ნამდვილად კარგად გადასაღები სიმღერაა.
ანრი ჯოხაძის კონცერტზე „საყვარელო მამულო“ შეასრულეთ…
რაც შეეხება ანრის კონცერტს, როცა ეს იდეა შემომთავაზა, ძალიან გამიხარდა. ეს ის სიმღერებია, რომლებსაც ყველა თაობა სიამოვნებით უსმენს და 26 მაისს ნამდვილად შეესაბამებოდა. ნამდვილად არაჩვეულებრივი სიმღერები შეარჩია, რომლებმაც დროს გაუძლო. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული პროექტი იყო, ანრი ნიჭიერი ადამიანია, ბევრი იდეით და რაც მთავარია, მათი არაჩვეულებრივად განხორციელების უნარით. ვუსურვებ მრავალ ასეთ წარმატებულ პროექტსა თუ კონცერტს.
„საყვარელო მამულოს“ კიდევ ერთხელ შესრულება მართლა ძალიან სასიამოვნო იყო. ბედნიერი ვარ, რომ მაცაცო სებისკვერაძის ეს არაჩვეულებრივი სიმღერა ყველას უყვარს. ეს იყო ჩემი და გოგი დოლიძის პირველი დუეტი და მიგვიძღვის წვლილი ჩვენც, რომ მსმენელამდე სწორად მივიტანეთ (იღიმის). გოგისთან დუეტის გამო „საყვარელო მამულო“ კიდევ უფრო მეტად მიყვარს. მგონი, ადამიანი არ არსებობს, ვისაც ამ სიმღერის მოსმენა არ ესიამოვნება. როგორც კი მელოდია გაიჟღერებს, ვატყობ, რომ ადამიანებს თვალებში სითბო უჩნდებათ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა…
„ტანგოზე“ ვსაუბრობდით და წლების წინანდელი და დღევანდელი შოუბიზნესი რომ შევადაროთ, უფრო მეტი რამ ხდებოდა, არა?
მაშინ ბევრად მეტი რამ ხდებოდა. ახლა სულ ვეჩხუბები ნიჭიერ ახალგაზრდა კომპოზიტორებს, რომ წლებია, გაჩერებულები არიან. მაშინ ჰიტებით გვანებივრებდნენ, ახლა კი მიჩერებულები ვართ (იცინის). როგორც კარგი არტისტი შესცქერის რეჟისორს, ასევე ვართ მომღერლები კომპოზიტორების მიმართ. ერთდროულად ყველა გაითიშა. შემოქმედებაში არის ასეთი ჩაწყნარების პერიოდები. გროვდება ალბათ და ვაცადოთ…
იმუშავებდით ახალგაზრდა კომპოზიტორებთან, რომლებსაც ახალი იდეები აქვთ, საინტერესო ექსპერიმენტულ არანჟირებებზე?
ახალი არანჟირება არის აუცილებელი. სკოლის დროინდელი სამოსი რომ ატარო, იგივეა ძველი არანჟირებებიც, რადგან ყველაფერი ძველდება. წლების წინანდელი სიმღერა ახალი არანჟირებით შეიძლება, ახლიდან დაიბადოს. ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები გვყავს, ვინც არანჟირებას გააკეთებს, მთავარია, ახალი სიმღერები დაიწეროს. ამას წინათ ვსაუბრობდით, რომ ადრე ხელოვანი ხალხი მსმენელისგან სხვა სიყვარულს ვიღებდით, სხვა მადლიერებას გამოხატავდნენ. დღეს ბევრად ადვილია, გახდე ცნობადი, მაგრამ რამდენადაც სწრაფად შეიძლება, გახდე პოპულარული, მსმენელისგან მიღებული სიყვარული ცოტა ზედაპირულია. ჩვენს დროს სხვანაირად ვუყვარდით და ეს სიყვარული დღემდე გამოგვყვა. მატერიალურად ვერ ვიღებდით იმას, რასაც უცხოელი არტისტები იღებენ, ერთადერთი, რაც გვაქვს, მსმენელის სიყვარულია. ფულის გაფლანგვა ადვილად არის შესაძლებელი, მაგრამ სიყვარული, რომელსაც მაყურებელი გჩუქნის, არ უნდა გაფლანგო… დასამალი არაფერია, ეს არ არის სფერო, სადაც ადამიანი გამდიდრდება. სიმდიდრე ხალხის სიყვარულია და ყველაზე მეტად ამის მოპოვებას ვცდილობდი ჩემს ცხოვრებაში.
აქედან გამომდინარე, თქვენი შვილისთვის, ლიზასთვის გინდოდათ მომღერლის კარიერა?
ძალიან პატარა იყო, სცენაზე ერთად რომ გავედით და თავში გამიელვა აზრმა, რომ ჩემი შვილი სცენაზე იქნება-მეთქი. ჭოჭინაში ცეკვავდა და უყვარდა მუსიკა, თვეების იყო, როცა მეორე ხმა იმღერა ვიღაცამ და ლიზამ მისკენ გაიხედა… როგორც მე არ დავმდგარვარ არჩევანის წინაშე და თავისით მოხდა, ასევე იყო ლიზას შემთხვევაში. აკეთებს იმას, რაც მისთვის ბუნებრივი და ორგანულია.
ახლა, როცა ლიზა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მისგან შორს ყოფნა არ გიჭირთ?
რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირს, მაგრამ ვუყურებ ასე, რომ საჭიროა მისი მომავლისა და პროფესიისთვის. ყველა ემოცია დაბლოკილი მაქვს. წელიწადზე მეტია, ლიზა არ მინახავს. არც მიცდია ვიზის აღება და წასვლა. შეიძლება, მე წავიდე ან პირიქით, ლიზა ჩამოვიდეს. მე დიდი ხნით ვიყავი საზღვარგარეთ წასული ჩამოუსვლელად, სამი წელი, მაგრამ არაფერი დაშავებულა და გადავრჩით… როგორც აეწყობა, ისე იქნება. ახლა სხვანაირი სამყაროა. ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, საკუთარი თავი გამოსცადონ და იპოვონ სხვა ქვეყანაში. ყველამ უნდა იმოგზაუროს. ერთხელ ვცხოვრობთ, სანახავი და თავგადასავალი ბევრია. ასე ვუყურებ, რომ ეს არის ლიზას თავგადასავალი. ბოლოს და ბოლოს, როცა მოუნდება, აიღებს ბილეთს და ჩამოფრინდება…
როგორ შეხვდით ლიზას დაოჯახებას?
გადასარევად, ისეთი კარგი ბიჭია. მე ვიცნობდი, გაგვეცნო, იყო ჩამოსული ჩვენთან…
ლიზასგან პროფესიული კუთხით ელოდებით სიახლეს?
ლიზა აკეთებს პროგრამას და გეგმავს, რომ თბილისში კონცერტი ჩაატაროს.
ამ კონცერტზე დედასთან ერთად იმღერებს?
(იღიმის) ეგ ჯერ არ ვიცი, ვნახოთ…
ინტერვიუ: ნინო მურღულია