LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც უნდათ ისე დაწერენ ციფრებს: NDI-ის კვლევით უკმაყოფილო მთავრობა

201
21370873-1718390511790707-8145016088330992016-n

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას არ ენდობიან საქართველოს მთავრობაში. NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ლიდერებს, საქმიანობის შეფასებით,  ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი აღმოაჩნდათ, ვიდრე ოპოზიციის წარმომადგენლებს. საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა არადამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ კვლევაში მხოლოდ ქართული ჯარის მიმართ გამოითქვა მეტი ნდობა. რაც შეეხება ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტი რეიტინგში ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. მმართველი პარტიის ლიდერის შეფასება კი ყოფილი პრეზიდენტის დადებით პროცენტულ ნიშნულს ვერ გასცდა.

პარლამენტი, სასამართლო, ჯარი – სახელმწიფო ინსტიტუტების რეიტინგი NDI-ის კვლევაში

კვლევას რეალობას აცდენილი უწოდა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ კვლევაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება.

„ისევ crrc-ის მიერ ჩატარებული კვლევები, რაც ტენდენციური მასთან მიმართებით ახალი არ არის. შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად, 2016 წლის მარტის კვლევა, სადაც „ქართულ ოცნებას” ჰქონდა 15 პროცენტი. მაშინ „ქართულმა ოცნებამ” აიღო 49 პროცენტი და თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, გამოდის, რომ დღევანდელი მონაცემით, 2020- ში 60 პროცენტზე მეტს აიღებს „ქართული ოცნება”. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ შეიძლება ნამდვილად ასე მოხდეს. რამდენად სანდოა ეს კვლევა, განსაზღვროს საზოგადოებამ. სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ შეიძლება საუბარი. წარმოიდგინეთ რას უზამდნენ კალაძეს, მას რომ არ ჰქონდეს მაღალი რეიტინგი, წარმოიდგინეთ რას უზამდნენ „ქართულ ოცნებას”, რომ არ ჰქონდეს გაცილებით მაღალი რეიტინგი – „ნაციონალურ მოძრაობას” გადაიყვანდნენ პირველ ადგილზე. უბრალოდ, რეალურ რეიტინგებს ვერაფერს უხერხებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

შედეგებს არც ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეთანხმება და ამბობს, რომ ათეულ წელზე მეტია NDI გაუგებარი მიზნებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით საერთო სივრცეში აჟიოტაჟს ქმნის.

„ათეულ წელზე მეტია ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც NDI-ის ეგიდით მოქმედებს, საერთო სივრცეში აჟიოტაჟს ქმნის იმ კვლევების შედეგებით, რომელსაც იგი პერიოდულად გაუგებარი მიზნებით აქვეყნებს. არადემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც მათი კვლევა აჩვენებს, ასეთ ორგანიზაციას სულ ცოტა აუკრძალავდნენ საქმიანობას. გარდა ამისა, ამ კვლევის შედეგები მუდმივად აცდენილია ამ არჩევნების შედეგებთან, რაც მთავარი ინდიკატორია იმისა, რატომ ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ამ კვლევებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი გამოკითხულთა მიერ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის უარყოფითად შეფასებას გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, „NDI-ის და „ნაციონალური მოძრაობის” შეტევის მთავარი მიზანი იყო, არის და დარჩება ბიძინა ივანიშვილი.

კვლევის მიხედვით პარტიის ლიდერის შეფასებას გამოეხმაურა დიმიტრი ხუნდაძეც. დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი რეალური სახე აჩვენა საზოგადოებას და საზოგადოებამ მისდამი, მისი პოლიტიკური ჯგუფისადმი განაჩენი უკვე არაერთხელ გამოიტანა. ხუნდაძის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” რეაბილიტაცია შეუძლებელია.

ივანიშვილი 16%, სააკაშვილი 26% – ასეთია NDI-ის კვლევის შედეგი

“ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობა არ დაუკარგავს და „ქართული ოცნება“ „დღეს არის უფრო ახლოს მდგომი საზოგადოებასთან, მიუხედავად გამოწვევებისა და პრობლემებისა. ის, რომ საზოგადოება უფრო მომთხოვნია ხელისუფლების მიმართ და ოპოზიციას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ეს არის ნორმალური, თუმცა მეხსიერებიდან გამომდინარე, ოპიზიცია მაინც ნეგატიური ყურადღების ცენტრშია და სწორედ ამიტომ, ის მაინც უპირატესობას ანიჭებს მმართველ გუნდს. შეკითხვაშიც, დღეს რომ არჩევნები იყოს, აქაც პირველ რიგში ყველაზე მაღალი შეფასება მმართველ გუნდს აქვს. ჯერჯერობით არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი არის საკმაოდ დიდი. ასე რომ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ მიიჩნევს საჭიროდ, დღეს უკვე საარჩევნო კონტექსტში მოახდინოს შეფასება. ვფიქრობ, არჩევნების სიახლოვეს კიდევ უფრო საინტერესო იქნება შედეგები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, საქმიანობის დადებითი შეფასების მიხედვით, დედაქალაქის მერს ქონდა, ვიდრე პრეზიდენტს, კახი კალაძე მაინც უკმაყოფილოა და ამბობს, რომ კვლევა არის მიზანმიმართული პოლიტიკური მანიპულაცია და მას საზოგადოება შეჰყავს  შეცდომაში.

„ჩვენ კარგად ვხედავთ, სტატისტიკაც შესაძლებელია ამოვიღოთ და ვნახოთ, როგორი კვლევები ქვეყნდებოდა 2012 წლამდე, 2012 წლის მერე და რა შედეგები იდებოდა. შესაბამისად, ანალიზის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩემს რეიტინგს რაც შეეხება, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად ვიცი ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ჩემი პარტიის მიმართ. ასე რომ, ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ ეს ურთიერთობები საზოგადოებასთან აწყობილი და მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ. ამ კვლევაში როგორც უნდათ ისე დაწერენ ციფრებს, მათ ამის პრობლემა არ აქვთ“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძე 31%-ს მოსწონს – NDI-ის კვლევაში პრეზიდენტი და მთავრობა მოსახლეობის ნდობით ვერ დაიკვეხნიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები