იდლიბის პროვინციაში სირიის საჰაერო ძალებმა, რუსეთის ავიაციასთან ერთად თურქეთის სამხედრო კოლონაზე იერიში მიიტანა. გარდაცვლილია 33 თურქი სამხედრო, ხოლო 35 დაშავებულია.
მომხდარის გამო რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შედეგად გადაწყდა, ასადის რეჟიმის ყველა სამიზნეზე დარტყმა მიიტანონ. მისი თქმით, თურქეთი გულგრილად ვერ უყურებს იმას, თუ როგორ ვითარდება მოვლენები იდლიბში.
მომხდარის უკვე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი:
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ნატოელ მოკავშირე თურქეთს. მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება გააკეთა ნატოში აშშ-ს ელჩმაც- ქეი ბეილი ჰათჩისონმაც:
“თურქეთი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენ მრავალ სფეროში ერთ მხარეს ვართ, მაგრამ სირიის საკითხში განსაკუთრებით,- ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ქეი ბეილი ჰათჩისონმა განაცხადა… შეშფოთებული ვართ იმ ყველაფრით, რასაც ასადი აკეთებს, თავს ესხმის იდლიბს, ამ ხალხს იდლიბში“, – განაცხადა ელჩმა.
იდლიბის პროვინციაში განვითარებული მოვლენები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
ნატო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს ასადის რეჟიმსა და რუსეთს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის ნორმები
„ყველა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს დაძაბულობის შემცირებას და თავიდან აირიდონ ამ ძალიან სახიფათო გარემოების კიდევ უფრო გამწვავება და ის საშინელი ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც რეგიონში შეიქმნა“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
იდლიბში ვითარების ესკალაციის გამო, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
გენერალური მდივანი კვლავ აგრძელებს მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ და განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ რისკის გამო, რაც სამხედრო მოქმედებების ესკალაციის შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება,“ – ნათქვამია გაერო-ს პრესსპიკერის განცხადებაში.
ცნობისთვის, თავდასხმა თურქულ კოლონაზე გვიან ღამით მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.
“საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი” – თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს