LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი არ მიეკუთვნება ისეთი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეების რიცხვს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ – კლინიკების ასოციაცია

174
mixeil saakasviliiii es davdot

საქართველოს კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ მიეკუთვნება ისეთი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეების რიცხვს, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ.

კლინიკების ასოციაცია პროტესტს გამოთქვამს და მიმართვას ავრცელებს იუსტიციის მინისტრის იმ განცხადების საპასუხოდ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციურ სისტემაშივე იგეგმება.

განცხადებას საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ვილი პაჭკორია სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“საქართველოს კლინიკების ასოციაცია გამოთქვამს პროტესტს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ მიეკუთვნება ისეთი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეთა რიცხვს, რომ იგი გადაყვანილ იქნას გლდანის ციხის საავადმყოფოში!

პრეზიდენტის შიმშილობის შედეგად შესაძლებელია საქმე გვქონდეს პოლიორგანული ფუნქციების დარღვევასთან, ამიტომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მულტიპროფილური სტაციონარული მკურნალობა და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა, რისი შესაძლებლობა სამწუხაროდ ციხის საავადმყოფოს არ გააჩნია.

პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე.
მადლობა ღმერთს თბილისი ასეთი კლინიკების სიმწირეს არ განიცდის.” – აღნიშნულია მიმართვაში.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდადებული, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. ბრეგაძე აცხადებს, რომ სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული, რათა მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.