“მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გრძელდება და ვითარდება. საქართველო ურყევად დგას ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და საჭიროა ქვეყანაში ნატოს წარმომადგენლობითობის გაზრდა.” – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილისა და სტიუარტ ფიჩის შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ხაზი გაესვა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას.
პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა. პრეზიდენტმა ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისა და ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შესახებ.
სერ სტიუარტ პიჩიმ აღნიშნა, რომ ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ავღანეთში ნატოს საერთაშორისო მისიაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს და ასევე შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხი და ამ მიმართულებით ნატოს მეტი ჩართულობა განიხილეს.