2014 წელს გარდაცვლილი ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფო, კომპენსაციის სახით, ჯამში 100 000 ლარს გადაუხდის.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.
„საფარის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი, რომელიც სასამართლოში ჯეირანოვას შვილების ინტერესებს წარმოადგენს, განმარტავს, რომ მათ კომპენსაცია იმ მორალური ტრავმისთვის მიიღეს, რისი შემსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ.
შეგახსენებთ, საუბარია 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში განვითარებულ მოვლენებზე – 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სასტიკად სცემეს. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, 18 სექტემბერს, ხანუმ ჯეირანოვა გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „საფარმა“ კომპენსაციის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა.
კომიტეტმა დაადგინა, რომ „საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით“. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ კი ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია უნდა გადაეხადა.
ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მოპასუხე მხარე იყო, კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობდა:
„ფინანსთა სამინისტრომ საერთოდ არ აღიარა ჩვენი წარდგენილი სარჩელი. ამბობდნენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან CEDAW-მ მხოლოდ რეკომენდაცია გასცა და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, სახელმწიფოს კომპენსაცია დავაკისროთო“, – აღნიშნავს იურისტი.
ანდრიაშვილის განცხადებით, CEDAW-ს გადაწყვეტილების შემდეგ კომპენსაციის გადახდაზე სასამართლო დავა დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და მოსამართლეს მხოლოდ თანხის ოდენობაზე უნდა ემსჯელა.
იურისტი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღება, თუმცა, ამ შემთხვევაში სხდომა ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ მხარეთა პოზიციები მოისმინა. საბოლოოდ, „საფარის“ მიერ მოთხოვნილი ოდენობის – თითოეულ შვილზე 100 000 ლარის ნაცვლად, სასამართლომ თითოეულისთვის 50 000 ლარი განსაზღვრა.
„საფარის“ ინფორმაციით, პარალელურად, გამოძიება სისხლის სამართლის მიმართულებითაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მომხდარიდან 8 წლის შემდეგ, 5 კაცი დააკავეს.
„მათ ბრალი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შელახვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის წარუდგინეს. ნინო ანდრიაშვილის ინფორმაციით, ჯეირანოვას შვილებისთვის, რომელთაგან ერთი ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, გამოკითხვა და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა ემოციურად რთულია.
იურისტი ამბობს, რომ ამ საბაბით, საუბარი იყო ბრალდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე:
„სისხლის სამართლის ნაწილში, მიდიოდა საუბარი, რომ ბრალდებულები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გამოსულიყვნენ. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ამის. დაზარალებულები მათთვის მაქსიმალური სასჯელის დაკისრებას ითხოვენ“, – ამბობს ანდრიაშვილი.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტს „საფარმა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით 2018 წელს მიმართა.