ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და ახალი პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილებას, „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ეხმიანება.
სამადაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ღირებული პოლიტიკოსია და მან აჩვენა, რომ ოპოზიციურ ველზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა:
„ვფიქრობ, ნიკა მელია გასული წლების მანძილზე ოპოზიციურ ველზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენ გვახსოვს, რომ მან არაერთხელ, ძალიან თავდადებით იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი, მას წარმატებებს ვუსურვებ.
ვერ გეტყვით, საკუთარ პარტიასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა გეგმები აქვს. რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, ის ცნობილია, ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ჩვენი პარტიული გაძლიერებაა, ამავე დროს, „ლელო“ მუდამ ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც იზიარებს „ლელოს“ ხედვას, რომ ჩვენ გვჭირდება რუსული რეჟიმის დამარცხება, მაგრამ მომავალი არ ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, ანუ არ ნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული მმართველობის აღდგენას ქვეყანაში“, – თქვა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისათვის, ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მისივე თქმით, აფუძნებს ახალ პარტიას, რომელიც, ქართული დემოკრატიისთვის ბევრს გააკეთებს.
ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“