„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება არ წაუკითხავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რადიოში ორი გვარი: მარგველაშვილი და კეზერაშვილი თქვეს.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, როცა მარგველაშვილი და კეზერაშვილი რაიმე განცხადებას აწერენ ხელს, ამ განცხადების შინაარსში ჩაღრმავებას აზრი არა აქვს.
სამხარაძის თქმით, ეს ყველაფერი განსაკუთრებით საწყენია მარგველაშვილის მხრიდან, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და თავს უფლებას აძლევს, კეზერაშვილთან ერთად რაიმეს ხელმომწერი იყოს.
„განცხადებას ხელს აწერს იმ ადამიანთან ერთად, რომელზეც პრეზიდენტობის დროს თვლიდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი უბედურების დამტრიალებელი იყო. ეს არც ადამიანობაში ჯდება და არც არანაირ პრინციპებშიც, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ.
შეიძლება, დაინტერესება აქვს, შეიძლება გადაიბირეს… რა შეიცვალა ორ-სამ წელში, გაკეთილშობილდნენ?! ფაქტები აღარ არსებობს, თუ ამ კაცმა რაიმე ახალი გაიგო?! რატომ აწერს ხელს ამ განცხადებებს კეზერაშვილთან ერთად?“– განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებს.
გავრცელებულ მოწოდებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას, უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები ექნება.