ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება, ჩვენგან მხარდაჭერილი იქნება და აქ სახელმწიფო პროგრამებსაც დიდი წვლილი აქვთ , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნის შესახებ კომენტარისას განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე თვის წინ, როცა მსოფლიო და საქართველო პანდემიის გამოწვევის წინაშე დადგა, საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყანა იყო. მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორის ჩართულობით, დღეს საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყანად იქცა.
„ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების გატანა ექსპორტზეც დაიწყოს. „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მსგავსი საწარმოები, როლებიც მილიონობით მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეს აწარმოებენ და შეძლებენ მოამარაგონ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი, არამედ ექსპორტზეც გაიტანონ პროდუქცია, ქმნიან ძლიერ ქართულ ეკონომიკას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ სულ უფრო მეტი საწარმო უერთდება პირბადეების წარმოების ინიციატივას და აწარმოებენ კომერციულ პირბადეებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ გარეთ გასატანად.
ცნობისთვის, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმოა საქართველოში, რომელიც ყველაზე თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია Faceguard-ი განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. პროექტი, რომლის სრული კონცეფცია „ საპარტნიორო ფონდის„ მიერაა შემუშავებული კერძო ინვესტიციებით და „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება . პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში“, პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.