LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველომ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

150
Untitled design (1)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს და სომხეთის მთავრობა მზად არის, კიდევ უფრო მეტად განავითარონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ასევე, გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას და ზოგადად, ურთიერთობებს. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს მიაღწია. სომხეთი არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის. გასულ წელს სომხეთიდან, თითქმის, მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ, რომ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს კარგი პარტნიორობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დე-ფაქტო ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე ეს მოცემულობა გაფორმდა და ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მადლიერები ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე მთავრობა მზად ვართ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყნებს შორის ძალისხმევა უნდა გაიზარდოს და შეძენილით არ დაკმაყოფილდნენ“. ფაშინიანი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

„პატივცემულო დამსწრენო, საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებო, სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. ბატონ პრემიერთან მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ -საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს. ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს. როცა შევათანხმებთ და საჯარო პრინციპებზე მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში. ჩემს სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ერთობლივი დადგენილება მივიღეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე შესაძლო წარმოქმნილი ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით. ბატონო ღარიბაშვილო, დიდი მადლობა ჩემი და ჩემი დელეგაციის თბილი მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლობას“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

magti 5g