„ნებისმიერი გარიგების უკან დგას ამა თუ იმ პირის გადახდისუნარიანობის საკითხი, ეს იქნება რუსეთის, ბელარუსის თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კომპანიებს სიფრთხილით მიუდგნენ ამ საკითხს და ისარგებლონ იურიდიული კონსულტაციით თითოეული გარიგების დროს”, – ამის შესახებ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობს.
ოთარ კაჭკაჭაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში იმ რისკებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც გადახდისუუნარობის შემთხვევაშიც ბინის მეპატრონები დადგებიან. მისი თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, რისკი იმისა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები უახლოეს თვეებში ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებიან – დიდია, მათი გამოსახლებისთვის საჭირო პროცედურები კი ქვეყანაში არ მოქმედებს.
„ვიცით, რომ საპოლიციო გამოსახლება გაუქმებულია, ასეთ შემთხვევაში დადგება სამართლებრივი პრობლემები, სასამართლო გადატვირთულია, ნელა მიდის პროცესები, ამის გათვალისწინებით შესაძლებელია ნებისმიერ მოქალაქეს თავის საცხოვრებელი ბინიდან გადახდისუუნარო სუბიექტის გამოსახლებისთვის დასჭირდეს 1.5-დან 2 წლამდე პერიოდი. მით უმეტეს იმ პირებს, რომელიც აქ არიან, შესაძლოა არანაირი აქტივი არ ჰქონდეთ და ვერც სასამართლოს დასრულების შემდეგ მოახერხონ დანაკარგების ამოღება “ – განაცხადა კაჭკაჭაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში.