საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ.
პრეზიდენტი ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რთულ გზაზე მყარი მეგობრის ყოლა.
„მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყანაში თქვენი პირველივე ვიზიტისას მოვაწერეთ ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით“, – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთობლივი განცხადება.
“ესაა საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი – ჩვენ დავძლიეთ შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირმა”
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გვყავს მყარი მეგობარი, რომელიც ამ რთულ გზაზე მოგვყვება. ეს წელი გადამწყვეტია, ესაა საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი – ჩვენ დავძლიეთ შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირმა. ეს იყო იმის ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოსა და რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობა. ეს ნიშანი არასდროს უნდა დავივიწყოთ. ეს წელი მნიშვნელოვანია საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში, რადგან ოქტომბერში არჩევნები გვექნება. ჩვენ აქაც უნდა ვაჩვენოთ, რომ სტაბილურობა უფრო გაღრმავდება. ეს ჩვენი მთავარი იარაღია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.