„სავალდებულოსი რა გითხრათ, თუმცა თუ პრეზიდენტი სხდომას დაესწრება სასამართლოსთვის უკეთესია, უფრო კარგად რომ გამოიკვლიოს, – ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ კითხვას, სავალდებულოა თუ არა საქართველოს პრეზიდენტის დასწრება მისი იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განსახილველ სხდომაზე.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას განიხილავს
ამასთან, კითხვაზე, მივა თუ არა პრეზიდენტი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში, კვერენჩხილაძე ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს.
„მესმის, საზოგადოების მაღალი ინტერესი, მაგრამ არცერთ სახელმწიფოში მოსამართლეს არ ეკითხებიან განხილვის ეტაპზე მყოფი საქმის დეტალებს“,– განუცხადა კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით უნდა განიხილოს.
სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.
სავარაუდოდ, სხდომას „ქართული ოცნებიდან“ – პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა დაესწროს.