LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენატორებს ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი უკვე გათავისუფლებულია, ამნისტიის კანონი დამტკიცდება ძალიან მალე: ირაკლი კობახიძე

62
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკელ სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „ორი კრიმინალი გათავისუფლებულია, ამნისტიის შესახებ კანონი და ასევე იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც ძალიან მალე დამტკიცდება და შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება ამ თვის ბოლომდე“.

მისივე განმარტებით, შეხვედრისას მსჯელობა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზეც მოხდა.

„სენატორებთან ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გვქონდა. სენატორებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მთელ რიგ სენატის მიერ დამტკიცებულ აქტებში არის საქართველოს მყარი მხარდაჭერა ასახული. მათი როლი მნიშვნელოვანი იყო შიდა პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ სენატორ შაჰინთან შეხვედრა გვქონდა ცოტახნით ადრე, ვიდრე ხელი მოეწერებოდა აპრილის შეთანხმებას და ამ დისკუსიამ, ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით საბოლოო ჯამში და ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს იყო გამარჯვება არამარტო ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს იყო გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში სენატორ შაჰინს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვოდა.

ჩვენ ხაზი გავუსვით მიშელის დოკუმენტის აღსრულებას, მათ შორის ხელმოწერის და შემდეგ აღსრულების მნიშვნელობას და ამასთან დაკავშირებით გავცვალეთ ინფორმაცია და გვქონდა საინტერესო დისკუსია. შევეხეთ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის ყველა ასპექტს – ეს იყო საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და ა.შ. გვქონდა დისკუსია ყველა ასპექტთან დაკავშირებით, გავაცანი ჩვენი გეგმები და იყო ინფორმაციების გაცვლა. ჩვენ კონკრეტიკაზე არ გვისაუბრია, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს – ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც დამტკიცდება ძალიან მალე, შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება თავიდან ბოლომდე ამ თვის ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოპულალურები