LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომაზე მთელ ქვეყანაში შემთხვევითი პრინციპით კვლევა ჩატარდება

329
ამირ 22

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შემოდგომაზე საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალ კორონავირუსზე შემთხვევითი პრინციპით კვლევა ჩატარდება.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული კომენტარების დროს ამირან გამყრელიძემ  ერთი კვირის წინ ჩატარებულ სეროპრევალენტულ კვლევაზეც ისაუბრა. 

გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის სეროპრევალენტობის კვლევა ბოლნისსა და თელავშია ჩატარებული, სადაც კლასიკური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 150-150 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება.

“ბოლნისი, როგორც ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი და თელავი, როგორც ჯერჯერობით მწვანე ზონა”, – განმარტა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, 300 ადამიანს დიაგნოსტირება ანტისხეულების სწრაფი ტესტებით ჩაუტარდა და ამასთან, პარალელურად მათ უტარდებოდათ ტესტი ანტიგენზე, ასევე სწრაფი დიაგნოსტირებით.

“ბოლნისში ერთ ადამიანს დაუდასტურდა, თელავში არცერთს”, –  განმარტა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ამ ტიპის კვლევები გათვალისწინებული აქვს სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე. მისივე განმარტებით, სწორედ ახლა ხდება ტურისტული მარშრუტების შემუშავება, სადაც პერიოდულ რეჟიმში ჩატარდება კვლევა.

“შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით ვგეგმავთ კლასიკური სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარებას აშშ-ის დაავადების ცენტრთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. შერჩეული იქნება რამდენიმე ათასი ადამიანი”, – თქვა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, მათ ამ ტიპის კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით C ჰეპატიტთან დაკავშირებით აქვთ ჩატარებული, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა რეგიონში 7 000 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა.

“შემოდგომაზე კვლევას ჩავატარებთ უკვე არა სწრაფი ტესტებით, არამედ კლასიკური სეროლოგიური მეთოდით, რომელიც დაფუძნებულია იმუნოფერმენტულ ანალიზზე, ე.წ ელაიზაზე, რომელიც უფრო ზუსტ მონაცემებს იძლევა”, – თქვა გამყრელიძე.

შეგახსენებთ, სეროპრევალენტული  კვლევა შერჩევითი მეთოდის გამოყენებას გულისხმობს და მიზნად ისახავს, დაადგინოს, ამა თუ იმ ადგილას, ადამიანებმა გადაიტანეს ან გადააქვთ თუ არა ვირუსი უსიმპტომოდ.

გარდა ამისა, გამყრელიძემ ასევე ისაუბრა, როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ ზაფხულში კორონავირუსის შემთხვევები არ გაიზარდოს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გვეუბნება, დღევანდელი მონაცემები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ დაწესდეს ისეთივე ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები, როგორიც იყო, თუმცა გამყრელიძე იმასაც აღნიშნავს, რომ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს.

„ღია ბარები, რესტორნები, კაფეები ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის მიერ არიან შემოწმებული და ყველას აქვს მიცემული რეკომენდაციები, როგორ უნდა იმუშაონ, რამდენი მაგიდა უნდა იდგეს, რა დაშორებით, პირბადეებით ადამიანები როგორ იყვნენ, სანიტაიზერები არის იქ თუ არა, ხელის დამუშავების საშუალებები და ასე შემდეგ. უმრავლესობა ვერ გაიხსნება, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პირობებს. ხაზს ვუსვამ, ყველაზე მეტი მაინც არის დამოკიდებული ჩვენზე, საზოგადოებაზე, ჩვენს თვითშეგნებაზე და ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისებაზე, დავიცვათ ყველაფერი და არ შევუწყოთ ხელი ინფექციის გავრცელებას. მარტო შიში იმისა, რომ ვიღაც მოვა და დამაჯარიმებს, არა ბატონო. აღსრულების მექანიზმი არის და უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა. დავივიწყოთ და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ზაფხულში ყველაფერი ნორმალურად იქნება, არ იქნება ასე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები