კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ იცრებიან.
ცოტა ხნის წინ, “სინოფარიმის” ვაქცინა გაიკეთეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა:
“მოვალედ ჩავთვალე თავი, რომ აცრა გამეკეთებინა ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა ლიდერთან ერთად. ჩემთან ერთად იმყოფება 20-მდე სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი. ვაქცინაციაა ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი. თავს კარგად ვგრძნობ, “სინოფარმით” ავიცერი. შესანიშნავი ვაქცინაა! მინდა ყველას მოვუწოდო, აიცრან.” – განაცხადა ვაქცინის მიღების შემდეგ თურნავამ.
გიორგი ღიბრაძემ “სინოფარმის” ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა:
“თავს ვგრძნობ ძალიან კარგად. ვაქცინაციის მნიშვნელობაზე არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეს არის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ყველაზე ეფექტიანი საშუალება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალში, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სხვა დანარჩენ რეგულაციებთან ერთად, როგორებიცაა სოციალური დისტანცია და პირბადე”. – აღნიშნა ღიბრაძემ.
13 მაისის მონაცემებით, საქართველოში სულ აცრილია – 77 343 მოქალაქე, დღიურად აცრილთა რიცხვი 4 056-ია.
სრულად ვაქცინირებულია 13 084 ადამიანი.