LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეზღუდვებმა უკვე აჩვენა გარკვეული პოზიტიური დინამიკა” – მორიგი შეხვედრა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან

169
BeFunky-collage (2)

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობის 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ეფექტურობა, აგრეთვე, მსოფლიოს ქვეყნებში Covid-19-ის მართვის პროცესში მიმდინარე ტენდენციები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა მთავრობის მეთაურს გაუზიარეს შეზღუდვებისა და ეპიდვითარების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული ვითარება, სადაც საქმიანობენ. ამასთან, სფეროს ექსპერტების შეფასებით, პირველადი მონაცემებით შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველოში დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე აჩვენა გარკვეული პოზიტიური დინამიკა ქვეყანაში მობილობის დაწევის თვალსაზრისით, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურ რეჟიმში მთავრობამ წამოიწყო ინტენსიური ტესტირების პროგრამა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად და ფრთხილად, ეპიდვითარების ანალიზის შედეგად განხორციელდეს, ვინაიდან მობილობის სწრაფი ზრდა მაღალი რისკის შემცველია.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად გაკეთდება ეპიდსიტუაციის, ინტენსიური ტესტირების მიმდინარეობის და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასება, რის მიხედვითაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისათვის ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 000 ტესტი კეთდება, ხოლო იმართება ინფიცირების 27 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა, მათ შორის, კლინიკურ სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები.

ამასთან, სფეროს ექსპერტების შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების კონტროლს, მათ შორის, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში.

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 65 %-მდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა ატაროს პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ქვეყანას ინფიცირების რაოდენობის შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას მეტ თავისუფლებას მისცემს.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიზნით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ.

>მათივე შეფასებით, ვითარების შემდგომი სტაბილიზაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწესებული შეზღუდვებითა და ინტენსიური ტესტირებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია, ერთის მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად გატარებული ღონისძიებები იყოს ეფექტური ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში – პაატა იმნაძე, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე, შვეიცარიიდან – გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ესტონეთიდან – ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, აშშ-დან – მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული და სიეტლში მოღვაწე ექიმი, ბავშვთა რეანიმატოლოგი ომარ ჩიქოვანი.