LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდაჰოსპიტალური ინფექცია ყველა ქვეყანაში არსებობდა კოვიდამდე და აუცილებლად იქნება პანდემიის შემდეგაც – დაფიქრება სჭირდება მაღალი ტრიბუნიდან გასროლილ სიტყვას: გადელია ტიკარაძეზე

2617
ტიკო და გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ პაციენტები არა კოვიდით, არამედ შიდა ჰოსპიტალური ინფექციით იღუპებიან. როგორც გადელია წერს, ჰოსპიტალურ სექტორში გარკვეული პრობლემებია, რომელზეც მინისტრმა მიუთითა, თუმცა როგორც ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი აღნიშნავს, აღნიშნული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი არ ყოფილა. 

„საიდან რა გამოდნება…

მართლა სულ მაოცებს, როგორ ხდება, როცა ვინმე ერთს ამბობს და მეორეს სრულიად მოულოდნელი მხრიდან შეუძლია ყურის გამობმა! ცხადია ხშირად ვარ ამის მომსწრე, მაგრამ მაინც სულ ახალივით მაკვირვებს…

ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა, გუშინდელ პრეზენტაციაზე, სხვა გამოწვევებთან ერთდ ისაუბრა ერთ მნიშვნელოვანზე, რომელიც არათუ ჩვენს, არამედ ყველა ქვეყანაში არსებობდა კოვიდამდე და აუცილებლად იქნება კოვიდ-პანდემიის შემდეგაც- ესაა შიდაჰოსპიტალური (ნოზოკომიალური) ინფექცია.

საკითხი აკადემიურია, შიდაპროფესიული და ალბათ, შეცდომა იყო ამ საკითხის ასეთ ღია ფორუმზე გამოტანა. ის, რაც მედიკოსებისთვის ჩვეულებრივი, ყოველდღიური პრობლემაა და დარბაზში მყოფებისთვის არაფერი ახალი არ თქმულა (მით უფრო, რომ უცხოელმა ექსპერტებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს დიდი, წამყვანი კლინიკების ძალისხმევა ამ მიმართულებით), არამედიკმა მსმენელმა გაიგო ასე: „..- აჰა, ხედავ კოვიდზე უფრო მეტად თურმე შიდაინფექციით კლავენ ხალხს და მერე კოვიდს ბრალდება!..“

დღეს ფბზე შემხვდა აუარება ასეთი კომენტარი: „- ეტყობა მინისტრი რომ მიდის, იმიტომ თქვა სიმართლე!“, – კოვიდით შევიყვანე დედაჩემი და ბოლოს სეფსისით მომიკლეს!..“, „საავადმყოფოში რომ არ მიმეყვანა კოვიდიანი ნათესავი, დღეს ცოცხალი იქნებოდა..!“ … და ა.შ… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა დაფიქრება სჭირდება მაღალი ტრიბუნიდან გასროლილ სიტყვას- კაცმა არ იცის, როგორ აისახება საზოგადოებაზე.

სიმართლე კი ასეთია: არ არსებობს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული კლინიკაც, სადაც შიდაჰოსპიტალური ინფექცია არ არის. რა თქმა უნდა, მეტნაკლები პროცენტულობით! ასეთი სახის ინფექციით დაავადების რისკი პირდაპირპროპორციულია კლინიკაში წოლის დღეების რაოდენობასთან და ხანგრძლივი მკურნალობისას- ძალიან მაღალია. ნოზოკომიალური ინფექცია, ცხადია არასასურველი გართულებაა და ძალიან არ გვიყვარს ექიმებს, თუმცა მართვადია (სირთულის მხრივ, გააჩნია მიკრობს).

რაც შეეხება „სეფსისით მომიკლეს!“.. ყველა ინფექციური პათოლოგიის- ვირუსული იქნება თუ ბაქტერიული, ავთვისებიანი სიმსივნეების ბოლო, რღვევითი ფაზის ლეტალობის მთავარი მიზეზი არის სეფსისი, სეფსისური შოკი. ის ძირითადი დაავადების გენერალიზების სტადიაა და არა „კლინიკაში სეფსისი აკიდეს!“

კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი: შიდაჰოსპიტალური ინფექცია იყო, არის და იქნება მუდმივი სამედიცინო გამოწვევა. კოვიდთან მისი შედარება და სიკვდილობის გადაბრალება ისევე მართებულია, როგორც ნებისმიერ დაავადებასთან- ჰეპატიტი იქნება ის თუ ტერფის ფლეგმონა. და ვერც მისგან გარდაცვლილ (რაც, საკმაოდ იშვიათია) პაციენტის სიკვდილობას გადააბრალებს ვინმე კოვიდს, ფლეგმონას, ჰეპატიტს ან ნებისმიერ სხვას.

ნუ აყვებით არაჯანსაღ აჟიოტაჟს! მაქსიმალურად დაიცავით თავი დაავადებისგან, მაგრამ თუ მაინც დაგემართათ – ენდეთ ექიმებს!“, – წერს „ფეისბუქზე“ დავით გადელია.

 

პოპულალურები