ბათუმის პორტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 9 პირი დააკავა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
„სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 9 პირია დაკავებული.
აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა – მოქალაქეები საპროტესტო აქციით პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ „ASTORIA GRANDE“ დახვდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მოწყობილია რკინის ჯებირები.
ბათუმის პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა და ორმაგი ბარიერები აღმართა
ცნობისათვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 27 ივლისსაც შემოვიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.
სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია