პროკურატურის ინფორმაციით, 15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა, ძალადობის მსხვერპლი იყო.
უწყების ცნობით, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს.
„ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.