„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხატი, რომელზედაც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა.
როგორც ინაშვილი აღნიშნავს, ეს სინამდვილეში არა სტალინის ხატი, არამედ წმინდა მატრონას ხატია, სადაც მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი – სტალინთან შეხვედრაა ასახული.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“
„დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც“.
„რატომღაც ძალიან აგორდა თემა, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელიც დაბრძანებულია სამების ტაძარში. ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი. საოცარ კომენტარებს ვკითხულობ.
ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან განათლებულები, რელიგიური თვალსაზრისით უზომოდ განვითარებულები, ფლობენ ინფორმაციას, აი, სწორედ ამ ადამიანებს მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო.
სრული გაუნათლებლობის და სიბნელის ზეიმია, რასაც ახლა მე თვალს ვადევნებ და ვეცნობი მათ კომენტარებს. რატომ არის გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე სტალინი?
ამ ხატზე არის წარმოდგენილი მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი – სტალინის მატრონასთან შეხვედრა, როდესაც უღმერთო რეჟიმის წარმომადგენელი, ხელისუფალი იძულებულია წმინდანს შეხვდეს და იძულებულია ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბროს“. – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ინფორმაციისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზედაც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.