LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, თბილისის მერია ზედმიწევნით მიყვება ჩვენ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს“ – „სისტრა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს  

142
Untitled design

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, თბილისის მერია სატრანსპორტო რეფორმის განხორციელების დროს „სისტრა ჯგუფის“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, საკონსულტაციო კომპანია მიმართვით ეხმიანება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერია რეკომენდაციებს ზედმიწევნით მიჰყვება:

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ზედმიწევნით და სკრუპულოზურად მიჰყვება „სისტრას ჯგუფის“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ 10 ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს.

სწორედ „სისტრას ჯგუფის“ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდა ილია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია და დაგეგმარება. იგივე პრინციპით მოხდა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია.

გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ, როგორც ფრანგული, ასევე ზოგადად, ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკა უპირობო უპირატესობას ანიჭებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში, კერძო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ. ეს ხდება ისეთ ქუჩებზე, სადაც ორი განცალკევებული ხაზის დაპროექტება შეუძლებელია სივიწროვის გამო.

ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და მის გაუმჯობესებას ალტერნატივა არ გააჩნია, თუკი ჩვენ შვილების მომავალზე, კომფორტულ ურბანულ გარემოსა და ეკოლოგიაზე ვზრუნავთ.

და ბოლოს, ჩვენი ჯგუფი თხოვნით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის „სისტრას“ მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს, მით უმეტეს მათი არასწორი ინტერპრეტაციით, რადგან იგი აზიანებს თბილისში მიმდინარე მნიშვნელოვან და რთულ სატრანსპორტო რეფორმას“, – აღნიშნულია „სისტრა ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა:

„კალაძის გაუდაბურებული გზები ისეთ დღეში ჩაგვაგდებს, შემდეგ საერთოდ ვერ გავივლით და რატომ ხდება ეს? უცხოური კომპანია „სისტრა“ ხომ დაიქირავეს და სულ მეგონა, რომ ეს უცხოური კომპანია რამ გააგიჟა, ასე გიჟურად როგორ დაგეგმა გზები-მეთქი და იცით, რომ იქ, სადაც ერთი სამანქანო გზა რჩება, იქ „ბასლაინის“ გაკეთება არ შეიძლება, ანუ რასაც აკეთებს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე, წერეთელზე, „სისტრას“ პირდაპირ უწერია, რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს მაინც აკეთებს, რადგან ამ ადამიანმა ფეხბურთში ხომ ბოლოს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა და წერა-კითხვაც არ იცის, მგონი.

კახი, წაიკითხე ბიჭო, რა დაწერა იმ კომპანიამ, მე წავიკითხე, სხვებმაც წაიკითხა, შენც წაიკითხე. თუ კითხვა არ იცი, გვერდზე დაიყენე, ბევრი ასისტენტი გყავს, წააკითხე და მოუსმინე“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები