პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „პარტია დაშლის ბოლო სტადიაშია“.
თალაკვაძის თქმითვე, „ვხედავთ, რომ ნიკა მელიასთვის ლევან ხაბეიშვილი არის გულის ტკივილი, ხოლო ლევან ხაბეიშვილისთვის ნიკა მელია არის თავის ტკივილი და ეს ტკივილები გაგრძელდება მანამ, სანამ პარტია თავის ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა“.
„კიდევ ერთხელ მოხდა რადიკალური ოპოზიციის ლუსტრაცია. მათ აჩვენეს, რომ აბსოლუტურად უპრინციპო, არათანმიმდევრული ძალაა, რომელიც თავის ამომრჩეველსაც კი ყოველდღიურად ატყუებს.
პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაშლის ბოლო სტადიაშია. მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი და შიგნით მიდის ყოველდღიური ბრძოლა ძალაუფლების, გავლენების გადანაწილებისთვის.
მას, ვისაც არ აქვს მომავლის დღის წესრიგი, ვინც თავისი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს და მე დიდი იმედი მაქვს, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი საზოგადოება ზუსტად ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.